დედა ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში, ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ფოსტალიონი გამოჩნდა, რომელსაც მხარზე გაზეთებით სავსე უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა მოკიდებული. სადარბაზოსთან სანამ მივიდოდა, პირველი სართულის ფანჯრის ქვეშ გაჩერდა, ოსტატური მოძრაობით ჩანთა გვერდით მოიგდო და მისი ჯიბიდან წერილების დასტა ამოაძვრინა. შემდეგ მათგან ერთი კონვერტი ამოარჩია. აქოშინებული, წელში უსიცოცხლოდ გაიმართა და ფანჯარაზე მიაკაკუნა. - შვილის წერილი მოგიტანე, მარგო! - ფარდა დაძახებისთანავე გადაიწია და ფანჯარა მოწითალო თმიანმა გაღიმებული სახის ქალბატონმა გამოხსნა, რომელიც ამ ხმას თითქოს ელოდა. სიხარულისაგან აკანკალებული ხელით გამოართვა კაცს კონვერტი, მადლობა გადაუხადა და ღიმილით დალოცა მისი ოჯახი. კმაყოფილმა ფოსტალიონმაც მდაბლად დაუკრა თავი და თან დააყოლა: - ახლა, ძალიანაც ნუ ინერვიულებ, ვის არ გათხოვებია ქალი?! რა დროს ნერვიულობაა, წყნარად დაელოდე შვილიშვილს და აკოტრიალე მერე აქეთ-იქით. ფოსტალიონმა ჩანთა ზურგზე უფრო კარგად შეისწორა და სადარბაზოსკენ გასწია. მას შეეძლო ეს წერილი ფოსტის ყუთში ჩაეგდო, მაგრამ იცოდა, რომ მარგო ყოველ წუთს ელოდა შვილისგან შეხმიანებას. ამიტომ, კვირაში ერთხელ და ხან ორჯერაც, წერილს თავად აწვდიდა. რა იცოდა მან, რომ წინა სასიხარულო ბარათებისაგან განსხვავებით, სამწუხარო ამბავი მოჰქონდა, თორემ ამ კონვერტს ხომ ნამდვილად ფოსტის ყუთში ჩააგდებდა. ფოსტალიონი სადარბაზოში შევიდა. მარგო კი სწრაფად შებრუნდა ოთახში, სავარძელში მოხერხებულად ჩაჯდა და შვილის წერილის გახსნა დაიწყო. ის ეროვნებით ებრაელი იყო და ოჯახში მარტო ცხოვრობდა. ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ობლობაში გამოზარდა, რამდენიმე თვის წინ, სხვა ქალაქში, ასევე, ებრაელ ბიჭზე გათხოვდა. მარგო ერთ რამეს განიცდიდა ყველაზე უფრო - მისი შვილი მისგან შორს რომ იყო. რა ექნა, ბედს ეგუებოდა და ამ მიწერ-მოწერით იხალისებდა ცხოვრებას. და აი, მორიგი წერილი მას უკვე ხელთ უპყრია და გაფაციცებით იწყებს კითხვას: „ჩემო საყვარელო დედა, ძალიან განვიცდი შენს მარტოობას და ვწუხვარ, რომ ამ მდგომარეობის შეცვლა არ შემიძლია. ყოველ ღამე გხედავ სიზმარში და ყოველთვის შენზე ვფიქრობ. ჩვენ ორი ათეული წელი ვიცხოვრეთ ერთად და წუთითაც არ მიგიტოვებივარ. შენ მასწავლე სიყვარული ადამიანების მიმართ და მაზიარე ლამაზ სიცოცხლეს. შენ შთამინერგე ყველა კეთილშობილური გრძნობა, რომლის გვირგვინადაც სიკეთესა და პატიოსნებას მიიჩნევდი. ასევე, მასწავლე ოცნება იმ სამშობლოზე, რომელიც არც შენ გინახავს და არც მე. ხშირად მეუბნებოდი, რომ ჩვენ მოვდივართ უმშვენიერესი წიაღიდან, რომელშიც ადრე თუ გვიან, უნდა დავბრუნდეთ და სანამ დავბრუნდებით, რომელ მიწაზეც მოგვიხდება ფეხის დადგმა, იქ სიკეთე უნდა დავტოვოთ, რადგან უკან მადლი მოგვდევდეს და არა წყევლაო. ეს სიტყვები ასაზრდოებს ჩემს სულს და იმედს მისახავს მომავლისადმი. ამ სიტყვებმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რასაც სამშობლოში დაბრუნება ჰქვია. ამის შედეგია ჩემი თანხმობა, რომელიც განვუცხადე მეუღლეს, როცა ისრაელში გადასვლა შემომთავაზა. შეთანხმებიდან დიდი ხანი არ არის გასული და საბუთები უკვე გამზადებული გვაქვს. ჩვენი თვითმფრინავი ხვალ მიფრინავს და ამ სიხარულთან ერთად, ერთი დიდი ნაღველიც მიმყვება - როგორ გამიგებ იმას, რომ ვერ გემშვიდობები. ჩემო საყვარელო დედა, ამას ერთი მიზეზი აქვს: შენ ნახევარი ცხოვრება საქართველოში გაატარე და შენთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ასეთი უეცარი გადაწყვეტილების მიღება. ამის თაობაზე ჩვენს მსჯელობას შეიძლება დროებით მეც შევეფერხებინე. ეს კი ურთიერთობას გამირთულებდა მეუღლესთან და არც შენთვის იქნებოდა სასურველი. მიუხედავად ამ მიზეზისა, მე მაინც პატიებას გთხოვ და ვფიქრობ, რომ ჩემი ასეთი საქციელის გამო არასოდეს გამკიცხავ. დედა, ახლა ღამის 3 საათია და ჩემი ცრემლები ასველებს ამ წერილს. გჯეროდეს, რომ მე არასოდეს მიგატოვებ. ძალიან მალე, როგორც კი მოვეწყობით, წაგიყვან და მერე ვერავითარი ძალა ვეღარ დაგვაშორებს. ამიტომ გამაგრდი, არ ინერვიულო და მელოდე! მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ! შენი ცისანა, 1972 წ. აგვისტო.” მარგომ, ცრემლით გამოვსებული თვალებით, ბოლო წინადადება ძლივს გაარჩია და აკანკალებული ხელით გვერდით მდგომ დაბალ მაგიდაზე წერილი ფრთხილად გადადო. ხალათის ჯიბეში ცხვირსახოცი მოძებნა, თვალებზე მიიდო და იდაყვით სავარძლის კიდეს დაეყრდნო. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა კარგად გაიაზრა, თუ რა ხდებოდა მის თავს, ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა: რატომ?.. - ამ სიტყვაში და მის ტონში მრავალი გრძნობა აშლილიყო, რომელთა შორის, უპირველესი ადგილი შვილის დაკარგვის შიშს დაეპყრო. ჩუმად, თითქმის უხმოდ აქვითინდა დედა, რომლის გონებაშიც მანამდე განუცდელი ემოციის პარალელურად ამოქმედებას იწყებდა საბჭოთა პროპაგანდის უმძლავრესი მანქანა, რომელიც ხალხს დღენიადაგ არწმუნებდა, რომ ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ, ისრაელში, ყოველდღე იხოცებოდა ათეულობით ადამიანი ომის შედეგად. მარგოს ფიქრები ვულკანივით ამოფრქვეულიყო და თავისი ისტორიული სამშობლოს მიმართულებით მიიჩქაროდა. მისმა გონების თვალმა სწრაფად მიაღწია ოცნებაში წარმოსახულ აღთქმულ მიწას და იქ ასულ შვილსაც მალევე მიაგნო. ელვის უსწრაფესად მიეჭრა მას და გულში ჩაიხუტა. შემდეგ აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და მოსალოდნელი საშიშროება რომ აეცილებინა მისთვის, კალთა გადააფარა. თითქოს ასე დაუმალა შვილი მომხდურს. დიდხანს იცავდა დედა საკუთარი სხეულით ცისანას, თავზე ხელს უსვამდა, უყვავებდა, ეფერებოდა და მის გონებას აღარ სურდა რეალობაში დაბრუნება. ორი საათის განმავლობაში ამ სიხარულით გამოწვეულ ნეტარებას მისცემოდა მარგო და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა ღვარად წამოსული ცრემლებისაგან ხალათის წინა მხარე მთლიანად ჩამოუსველდა. მის წარმოდგენაში ცისანა უეცრად გაქრა და თვალებს კვლავ დაუბრუნდა აღქმის უნარი. ცრემლი შეიმშრალა, ქვითინსაც ოდნავ მოუკლო. სველი ხალათი ტანზე შემოიჭდო, თითქოს შეამცივნაო და შვილის წერილს გადახედა. ის აღარაფერს ამბობდა, კრიჭაშეკრული დაჰყურებდა ნახევრადმოკეცილ ფურცელს, მაგრამ ცრემლი კვლავ მოდიოდა მისი თვალებიდან. უეცრად რაღაცამ შეაკრთო და ოთახი ისე მოათვალიერა, გეგონებოდათ, ვიღაცას ეძებსო. ოთახში არავინ იყო და ეს მანაც კარგად იცოდა, მაგრამ ოდნავ დაძაბული მაინც ცდილობდა თავისი სულის შერხევის მიზეზის აღმოჩენას. ეს ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა, მისი თვალები ჭურჭლის კარადის თავზე დაკიდებულ სურათზე აღბეჭდილ, გარდაცვლილი დედის თვალებს გადაეყარნენ, რომელიც საკუთარ ქალიშვილს მტკიცედ, მაგრამ მომღიმარი სახით გადმოსცქეროდა. მარგო ამ სურათს ყოველდღე წმენდდა და უყურებდა. სიყვარულისა და მონატრების გარდა მისი ხილვისას არანაირი გრძნობა არ დაუფლებია. ახლა კი დედის თვალები სხვაგვარად შეიჭრა მის გონებაში და მანამდე დაფარულ განცდებს შეეხო. მტირალი ქალის თვალებში ცრემლი მომენტალურად შეწყდა და ინსტინქტურად უკან გაიწია. მისი აზრები საპირისპიროდ გაიჭრნენ და გარდაცვლილი დედის გარშემო დაიწყეს ტრიალი. ასეთი უეცარი აზრთა სხვადასხაობა, მარგოს გარეგნულ იერზეც აისახა: აქამდე თუ თვითონ ხელძღვანელობდა საკუთარ გონებას და თავად უდგენდა მას, როგორ დაეფარა და მოფერებოდა თავის ქალიშვილს, ახლა დედის წინაშე ის უძლური ჩანდა და მოწყალე თვალებით შეჰყურებდა. თითქოს ევედრებოდა, ეთქვა მისთვის, რა მოემოქმედებინა ასეთ მდგომარეობაში. მიდიოდა წუთები, მაგრამ მარგო მშობელს თვალს არ აცილებდა. ცოტა ხნის შემდეგ ფეხზე წამოდგა, კარადის თავიდან მშრალი ჩვარი აიღო და სურათის ჩარჩოს შუშას ფრთხილად გადაუსვა. შემდეგ კარადას დაეყრდნო და ისევ დედას შეხედა. - რა ვქნა, დედა? რა შემიძლია მე ახლა, რა გავაკეთო? - აღმოხდა მარგოს და ისევ დაიძრა მისი თვალებიდან ცრემლები. ისევ მოიმარჯვა სველი ცხვირსახოცი, რომლითაც მაინც ვერ ასწრებდა თვალის შემშრალებას. თითქოს სურათი ამეტყველდაო, ის ხმა ჩაესმა მარგოს, როცა მას და მის ძმებს დედა სამშობლოზე ესაუბრებოდათ ხოლმე. როცა ის მოუთხრობდათ წინაპრებზე და ებრაელთა ტრაგიკულ ბედზე. ახსენებდათ, რომ მათ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, უნდა ჰყვარებოდათ ადამიანები და საერთოდ, სიყვარულისთვის ეცხოვრათ ამ ქვეყნად. მაგრამ მუდმივად უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ ერთხელ მაინც ეხილათ აღთქმული მიწა, რაც მათი მაშინდელი გადასახედიდან წარმოუდგენლად მოსჩანდა. ამიტომ მათგან ვინც ამას პირველი შეძლებდა, ის იქნებოდა გმირი. ეს ხმა მოესმა წარსული წლებიდან მარგოს ყურს, ცრემლი შეიმშრალა და დედის სახეს უფრო კარგად დააკვირდა. - მაშ, გმირია, ჩემი ცისანა?! - შეჰღიმა დედას და თავი დაბლა დახარა. - გმირი ყოფილა, გმირი ყოფილა ჩემი შვილი! მაშ, რატომ ვტირი მასზე? - ეს უკვე თავის თავს ჰკითხა. ფიქრი დიდხანს აღარ გაუგრძელებია. წამოდგა. ცრემლებისაგან დასველებული ხალათი გამოიცვალა. შემდეგ პირი დაიბანა და თმები ხელით შეისწორა. ოთახში რომ შემოვიდა, იქაურობა წეღანდელივით მოათვალიერა. ახლა უკვე ცისანა წარმოიდგინა იქ მყოფი, მაგრამ მისი მზერა კვლავ დედის სახეს წააწყდა. მშობლის სახე უწინდელთან შედარებით, უფრო ლმობიერი მოსჩანდა, რამაც მარგოს გონება ისევ წარსულისკენ მიაბრუნა. ამას კი მოჰყვა იდუმალი ხმა: „შვილო, შენ ხარ ნაყოფი ებრაელთა ტომისა! იმ ერისა, რომელმაც ათეული საუკუნეები იცხოვრა სამშობლოს გარეშე! იმ ხალხისა, რომელიც იძულებით განიფანტა დედამიწის ზურგზე და რიგ სახელმწიფოებში განიცადა დევნა, სიძულვილი, უმიზეზოდ სიკვდილით დასჯა! ცხოვრების ასეთ გამოცდას, შენი ერი უპირისპირებდა: დევნის წინააღმდეგ იყენებდა მოთმენის უნარს; სიძულვილს პასუხობდა სიყვარულით; ხოლო სიკვდილს ამარცხებდა სიმტკიცით. ამ სამმა უდიდესმა გრძნობამ ებრაელი ერი, არა თუ დღემდე მოიყვანა, არამედ ტრიუმფით დააბრუნა აღთქმულ მიწაზე. შენი მოდგმიდან ამ სიხარულს პირველი შენი შვილი ეზიარა, რომელმაც აღასრულა წინაპართა მიზანი და ოცნება. ამიტომ გახსოვდეს: სულში აამოქმედე ებრაელთა დამახასიათებელი მოთმინება და მოემზადე შვილთან შესახვედრად ისე, ვითარცა გმირთან!” ხმა გაქრა. თვალებიდან ნისლი ნელ-ნელა გადაიწმინდა და მარგომ კვლავ დაინახა მისკენ მომზირალი დედის სურათი. ის მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. მას თითქოს ვიღაცამ უმძიმესი ტვირთი ჩამოხსნა ზურგიდან. მისი სახე რადიკალურად განსხვავდებოდა თუნდაც ერთი საათის წინანდელი გამომეტყველებისგან,-აღარ უთრთოდა ნაკვთები და ემზადებოდა გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რა უნდა მოემოქმედებინა თვითონ. ცივდებოდა გონება, რომელიც გულს გარედან უჭერდა სარტყელს, მაგრამ მის შიგნით, წიაღში, მაინც ფეთქავდა სიყვარულის გრძნობა შვილის მიმართ. მიუხედავად ამისა და იმ შფოთიანი გარდასული საათებისა, მარგომ შეძლო გზა გაეხსნა საღი აზრისთვის და ფიქრისათვის მოეცალა: „ისრაელში ჩემი წასვლა გამორიცხულია მარტივი მიზეზის გამო - ავადმყოფი გული არ მომცემს საშუალებას გავუძლო არა მარტო შორ მანძილზე წასვლას, არამედ გარემოს უეცარ გამოცვლასაც, თანაც ეს უნდა გავაკეთო შვილის გარეშე, რაც თითქმის წარმოუდგენელია. ჩემი შვილი აქ ვეღარ ჩამოვა. - ამის გაფიქრებისთანავე ყელში მოწოლილი ნაღველი მკაცრი გამომეტყველებით გადაყლაპა და კვლავ გააგრძელა ფიქრი. - მაშ, რა მრჩება? ლოდინი. რამდენ ხანს? იმდენ ხანს, სანამ ცისანა აქ ჩამოვიდოდეს. - სვამდა კითხვებს და თვითონვე სცემდა პასუხებს. - მაინც რამდენ ხანი შეიძლება ველოდო? რამდენიც საჭირო იქნება. რომ მოიცვას ამან წლები, როგორ ავთვალო დღეები?“ - ეს გაიფიქრა და ფეხზე წამოიჭრა, რადგან მიიღო გადაწყვეტილება: კედლის საათი ჩამოხსნა და უჯრაში შეინახა. მას მიაყოლა თავის საწოლის პირდაპირ მდგარი მაღვიძარა და ხელიდან შეხსნილი საათიც. შემდეგ კარადიდან საგულდაგულოდ შენახული შავი სქელი ფარდები გამოიღო. ეს ფარდები მის ოჯახს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა შეძენილი, - ღამით ფანჯრებზე აფარებდნენ, რათა შუქი არ გასულიყო და მტრის თვითმფრინავებს არ შეენიშნათ. გარეთ დაღამებულიყო და მის დასაკიდად შესანიშნავი მომენტი იყო. მარგომაც წყნარად და მშვიდად დაგმანა ფანჯრები. ამ საქმეს რომ მორჩა, კედელზე შენიშნა კალენდარი და ისიც ჩამოხსნა. ასეთი ქცევით, ის კავშირს წყვეტდა გარე სამყაროსთან. მის გონებაში არ აითვლებოდა დღეები. ამით შეიმოკლებდა შვილთან შეხვედრის დროს, რომელიც პრაქტიკულად გაჩერდებოდა. კარებზე კაკუნი გაისმა და მარგო მის გასაღებად გაემართა. - გამარჯობა, დეიდა მარგო! მთელი დღე წასული ვიყავი და ვეღარ შემოგხედეთ. ხომ არაფერი გინდათ? - უთხრა გვერდით მცხოვრები ოჯახის რძალმა, რომელიც ხშირად შემოდიოდა მარგოსთან და ეხმარებოდა ყველაფერში. - შემოდი, შვილო. - სახლში შეუძღვა მარგო. - ცისანას წერილი მივიღე, ისრაელში წასულა. - როდის? - გაიკვირვა მზიამ. - რამდენიმე დღის წინ. - თქვა და კიდევ წამოაწვა ნაღველი, რომელიც ცოტა გაჭირვებით, მაგრამ კვლავ უკუაგდო. - კი, მაგრამ, წასვლის წინ... - ალბათ უნდოდა ეთქვა მზიას, ხომ უნდა ენახეთო, მაგრამ თავი შეიკავა და თვალები აქეთ-იქით ააფახულა. თან შეეცადა, დამწუხრებული სახით, თანაეგრძნო ძვირფასი მეზობლისთვის. - არაუშავს, რაც არის, ეგ არის. როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ, ისე მოიქცა. მე ის გამიხარდება, რაც კარგად იქნება მისი საქმე. - თქვა თითქმის უკვე გასალკლდევებულმა მარგომ. - შენ ერთ რამეს გთხოვ, მზია-მეზობლის ქალებს გადაეცი, ნურავინ დამიძახებს. აუხსენი ჩემი მდგომარეობა, ჯერ-ჯერობით არავინ მაინტერესებს. ნელის დაუკავშირდი, ჩემს ძმიშვილს, ის მომხედავს. ერთი სათხოვარი მაქვს კიდევ, თუ ცუდად გავხდი ღამით, კედელზე მოგიკაკუნებ. - როგორ გეკადრებათ, დეიდა მარგო, მე ყველანაირად მოგხედავთ. თუ ცუდად იგრძნობთ თავს, თქვენთან დავრჩები ღამით. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. ცისანა ალბათ მალე დაბრუნდება. - არა, ცისანა აქეთ ვეღარ ჩამოვა. ის უკვე ისრაელის მოქალაქეა. ჩვენი კანონები ცოტა მკაცრად უდგება ამ საკითხს. - დეიდა მარგო, მე მგონი, მალე შეიცვლება კანონები. ხომ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ იქ გადასვლაც არ შეიძლებოდა. დღეს სხვაგვარადაა. - ვნახოთ. - შედარებით იმედიანი სახით აიჩეჩა მარგომ მხრები. - კარგით, აბა, ახლა უკვე გვიანია. თუ რამე დაგჭირდეთ, დამიკაკუნეთ, არ მოგერიდოთ. რა დროც არ უნდა იყოს, მე თქვენს გვერდით ვარ! - უთხრა მზიამ და მშვიდობიანი ღამე უსურვა მეზობელს. გათენდა. ჭადრის ფოთლებიდან გამონათებულმა მზის სხივებმა, მარგოს კორპუსს ათინათივით აასხა შუქ-ჩრდილები. ამის ფონზე, დილით გამოსულმა რამდენიმე ინტერესიანმა ქალმა იოლად შეამჩნია პირველ სართულზე შავად დაბურული ფანჯრები. ეს ფანჯრები იმავე საღამოს, ეზოში შეკრებილი ჭორიკანა მეზობლების სალაპარაკო თემად იქცა. - რას ჩამოუბნელებია, ჭკუაზე ხომ არ გადაცდა?! - დაიწყო ერთმა, რომელიც ჭორაობის ნიჭთან ერთად, ბოროტი ბუნებითაც უხვად იყო დაჯილდოებული. - აბა, რა გითხრა, რას გაიგებ მაგისას?! ხომ იცით, თავისებური ქალია. - თქვა მეორემ, რომელიც ყოველთვის ნეიტრალური პოზიციით გამოირჩეოდა, თავის ცბიერი ხასითიდან გამომდინარე. - ქალებო, - შემოუერთდათ `ინფჭორბიუროდ~ წოდებული ციალა. - იცით რაში ყოფილა საქმე? მზიამ მითხრა, გოგო წასვლია ისრაელში. - ცისანაა? - თითქმის ერთხმად წარმოთქვა სამმა ქალმა. - ჰო. - განაგრძო ციალამ. - ისე წავიდა, არც დაემშვიდობა. ესე როგორ შეიძლება, ცოდო არ არის ეს უბედური?! - ხელი გაიშვირა მარგოს ფანჯრისკენ და თან თვალი გააპარა, შიგნიდან ხომ არ მიყურებს მარგოო. როცა დარწმუნდა, რომ შუშებზე შავი ფარდა მთლიანად იყო გადაფარებული, ისევ ქალებს მოუტრიალდა. - ალბათ, შვილს გლოვობს. - რას ამბობ, ქალო?! როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანის გლოვა და ისიც შვილისა?! რეებს ლაპარაკობ! - ხმა ამოიღო შედარებით პატიოსანმა მოლაყბე თინამ. ამ საუბარში, თავს წამოადგათ იმავე ეზოში მცხოვრები ლავრენტი, რომელიც გაზეთ `კომუნისტის~ საკუთარ კორესპოდენტად მუშაობდა და რომელსაც ხშირად, ამათგან გაგონილი და მოგონილი ინფორმაცია, ცხადად უქცევია გაზეთის ფურცლებზე. - მივესალმები, ჩვენი ქალაქის საინფორმაციო სამსახურის ღირსეულ თანამშრომლებს! - მდაბლად დაუკრა თავი ლავრენტიმ ქალებს. - ლავრენტის გაუმარჯოს! - გამოეხმაურა ციალა. ქალებმაც დაუკრეს თავი. - აბა, არწივებო, ქორებო, შევარდენებო, თქვენ ხომ ყველაფერს ხედავთ ამ ქვეყანაზე! ახალი ხომ არაფერია? - უთხრა მათ ლავრენტიმ და ამ სიტყვების წარმოთქმისას წელში ოდნავ მოიხარა, კისერი მათკენ წასწია და წარბები მაღლა აქაჩა. - მარგოს ქალი წასვლია ისრაელში, ისე, რომ დედას არ დაემშვიდობა. რაღაცაში უნდა იყოს აქ საქმე. - დაასკვნა ციალამ. - ამას კიდევ, შავი ფარდები ჩამოუფარებია ფანჯრებზე. - თქვა და თვალებით მიანიშნა ლავრენტის. - რას ლაპარაკობთ?! - ტუჩები აპრანჭა კორესპოდენტმა და თვალი შეავლო მისგან ოდნავ ზევით მდებარე პირველ სართულს. შემდეგ, ქალებს სათითაოდ, დაკვირევებით გადახედა და უთხრა: - თქვენ რას ფიქრობთ, რაში უნდა იყოს საქმე? - იქნებ ძალადაც წაიყვანეს, ან აიძულეს?! ამ ქვეყნისას რას გაიგებ?! თუ არა და, შენ არ ბრძანდები ამათი წარმომადგენელი?! შენ უკეთ იცი ყველაფერი! - აქაც ყველას დაასწრო ციალამ. - ოოო... აქ ცოტა სერიოზულად უნდა იყოს საქმე. - თავი გააქნია ლავრენტიმ და სადარბაზოსკენ გასწია. ერთი კვირის შემდეგ, ლავრენტის სტატიამ ცისანას წასვლასთან დაკავშირებით, გაზეთ `კომუნისტში~ უზარმაზარი ადგილი მოიცვა. ის წერდა თავისი ერთუჯრედგანვითარებული გონებით ინტერპრეტირებულ, ჭორის დონეზე გაგონილ სისულელეს და ამბობდა, რომ ცისანა ქმარმა დანის მუქარით წაიყვანა ისრაელშიო. ამის ნიშნად კი ასახელებდა დედასთან გამოუმშვიდობებლობას. შემდეგ, ბატონი ლავრენტი, საკუთარი წარმოდგენით აღწერდა ისრაელის მაშინდელ მდგომარეობას და ამბობდა, რომ აქედან ჩასულები კარვებში ცხოვრობენ და დაბომბვის დროს ერთი ადგილიდან, მეორე ადგილზე გარბიანო. ამავე დროს, არ აქვთ წამლები, საკვები და წყალიო. ახლა, მარგოს ბედზეც დააფიქრა ქვეყანა - საცოდავი დედაო. თითქოს დიდი ჯავრი ჰქონდა მისი. ერთი სიტყვით, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა დაამხო და ცხარე ცრემლით ატირა. ერთ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა მზიამ, თავიანთი ყუთიდან გაზეთების აღების შემდეგ, მარგოს გაზეთებიც ამოიღო და კარებზე დაუკაკუნა. - დეიდა მარგო, გაზეთები გამომართვით! სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ? ტანსაცმელს გამოვიცვლი და გამოვალ. მარგომ გაზეთები გამოართვა და სულ რაღაც ნახევარ საათში, სანამ მზია საშინაო ფორმას ჩაიცვამდა და მოწესრიგდებოდა, კედელზე მიაკაკუნა. ლავრენტის სტატიის წაკითხვისას, გული გაუხდა ცუდად და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა. კარდიოგარამის გადაღების შემდეგ, ექიმებმა მას მიკროინფარქტი დაუდგინეს და წოლითი რეჟიმი დაუწესეს. ორი კვირის განმავლობაში, სანამ ცოტა არ გამოკეთდა, მზია და თავისი ძმისშვილი ნელი, გვერდიდან არ მოშორებიან. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და როგორც შეეძლოთ, უმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. მარგოს თავადაც უნდოდა, რომ არ ერწმუნა, მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიით აღზრდილი რობოტ-ლავრენტის სიტყვები, მაინც ტვინს უბურღავდა. ასე გავიდა სამი თვე და ცისანას წერილიც მოვიდა სურათებთან ერთად. ის დედას ეფერებოდა, ესიყვარულებოდა და ბოდიშს უხდიდა ყველაფრისთვის. ამავე დროს, ჰპირდებოდა, რომ პირველივე შესაძლებლობისას, როგორც კი მიიღებდა საბჭოთა კავშირში სტუმრად ჩამოსვლის უფლებას, მასთან გამოეშურებოდა და თავისთან წაიყვანდა. სურათებში ცისანა მეუღლესთან ერთადაც იყო და ცალკეც. ისინი კარგ სახლთან იდგნენ და წერდნენ, რომ ჩვენი სახლიაო. ასევე, კარგ მანქანასთან იყვნენ გადაღებული. მარგოს ქალიშვილი შესანიშნავ ტანსაცმელში და ძვირფას სამკაულებში იყო გამოწყობილი. დედა, რა თქმა უნდა, დიდად გაახარა ამ სურათებმა და წერილმა - გახალისდა და წინანდელთან განსხვავებით, სულ კარგ გუნებაზე იყო. როცა მზიამ უთხრა, მეზობლებს ცისანას სურათებს დავათვალიერებინებო, მაშინვე დათანხმდა, მაგრამ რა იცოდა, რომ ეს სურათები, ლავრენტის ახალი შთაგონების წყაროდ გადაიქცეოდა. მისი ფანტაზია კი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ის ამტკიცებდა, რომ აქედან ჩასული ებრაელები, ტანსაცმელს და სამკაულებს თხოულობენ. ასე იღებენ სურათებს სხვის სახლებთან და მანქანებთან. ეს არის ისრაელის პოლიტიკა, რომ აქედან რაც შეიძლება მეტი ხალხი წავიდეს. სინამდვილეში კი იქ ათეულებით ადამიანი კვდება ომის შედეგად და ღია ცის ქვეშ ათენებ-აღამებენო. მისმა ასეთმა მოსაზრებამაც გამოიღო შედეგი და მარგოს მეორე ინფარქტი მიაღებინა. ამ წამება-წვალებაში გავიდა ერთი წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში ცისანასგან წერილებიც მოდიოდა და სურათებიც, მაგრამ დედისთვის თითქოს დიდ შეღავათს აღარ წარმოადგენდა. ერთი ის იყო, რომ შვილის სურათები მაგიდაზე ჰქონდა გაშლილი და დღე და ღამე მას დასცქეროდა. მისი ცხოვრება დაემსგავსა უფერულ სიზმარს, რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა, მაგრამ ერთმა პატარა შემთხვევამ, ის კვლავ დააკავშირა გარე სამყაროს. *** ზაფხულის ცხელი დღე იყო. სუნთქვა გარეთაც ჭირდა, არა თუ სახლში. ეზოში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი საღამო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხმაური მარგოს ფანჯრების სიახლოვეს ისმოდა. არა და, თითოეულმა ბავშვმა მშობლებისაგან იცოდა, რომ იმ ფანჯრებთან ბურთი არ უნდა ეთამაშათ, რათა არ შეეწუხებინათ ავადმყოფი დეიდა მარგო. ზოგიერთი მშობელი შვილს აშინებდა და ეუბნებოდა, რომ იმ სახლში ძალიან ბრაზიანი ქალი ცხოვრობდა. ასე დააშინეს ერთ- ერთი ბიჭი, რომელიც ინტერნატიდან მხოლოდ არდადეგებზე ჩამოჰყავდათ. ეს იყო თერთმეტი წლის გიორგი, რომელმაც არ იცოდა იმ შავი ფარდების იქით რა ხდებოდა და ყოველთვის შიშით და ინტერესით შესცქეროდა იმ ბინას. და აი, დადგა დრო, როდესაც მას უნდა ენახა, თუ ვინ ცხოვრობდა იქ. მისმა უხერხულად მოქნეულმა ფეხმა, ბურთი არასასურველი მიმართულებით გაგზავნა და შუშაც ჩაამტვრია. სავარძელში მჯდარი, ჩაფიქრებული მარგო, ფეხზე წამოიჭრა, ლოჯიისკენ გამოემართა და ჩატეხილ შუშასთან ფარდა ერთიანად გადასწია. იქვე მდგარი გიორგი, რომელიც თავის ნამოქმედარს აბუზული შეჰყურებდა, შუბლშეკრული და მკაცრი ქალის დანახვაზე შეკრთა და ორი ნაბიჯით უკან დაიწია. - დეიდა მარგო, ეს ჩვენ არ გვიქნია, აი, ამან გააკეთა! - უთხრა ზურამ, რომელიც ენატანიობით გამოირჩეოდა. - ეს ვინ არის? - იკითხა მარგომ და თან შეშინებული ყმაწვილი შეათვალიერა. - ქვევით კორპუსში ცხოვრობს. - აქტიურობდა ისევ ზურა. - ინტერნატის ბავშვია, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდის ხოლმე. - ამიტომაც არ ვიცნობ. - თქვა მარგომ და უკვე სინანულით შეხედა ბიჭს, რომელიც მას შესცქეროდა და ელოდა, თუ რა განაჩენს გამოუტანდა. - რა გქვია? - გიორგი. - უპასუხა საწყალი თვალებით ბავშვმა. მარგომ შეამჩნია, რომ გიორგის თანატოლებისგან ორი რამ განასხვავებდა: ერთი ის, რომ მას ეცვა ძველი, მიკერებულ-მოკერებული ტანსაცმელი და დაგლეჯილი ფეხსაცმელები, ხოლო მეორე - არ ჰქონდა სითამამე, რომელიც სახლის ბავშვებისთვის უცხო სულაც არ არის. ამის შემხედვარემ, შეეცადა სახეზე დაეფარა სინანულის გრძნობა და ღიმილით მიმართა: - გიორგი, გინდა გაპატიო? - დიახ! - უპასუხა გამოცოცხლებულმა ბიჭმა. - პურს თუ მომიტან მაღაზიიდან, გაპატიებ. - უთხრა უფრო გაღიმებული სახით მარგომ. - მოგიტანთ! - მიმართა თვალებგაცისკროვნებულმა ბავშვმა და თან მის გვერდით მდგარ გაოგნებულ ზურას გადახედა. მარგო ოთახში შებრუნდა და ფული გამოიტანა. - აი, გიორგი, ეს ორმოცდაათკაპიკიანია. - ჩამოაწოდა. - მიყიდი ერთ პურს და ხურდას დაგიბრუნებს ოც კაპიკს. შენ კი, - მიმართა პირდაბჩენილ ზურას. - გაიქეცი მეშუშე სოსოსთან და უთხარი, აქ მოვიდეს! გიორგი სირბილით დაბრუნდა, რამდენიმე კიბეც აირბინა და კარებზე მოკრძალებით დააკაკუნა. კარები უკვე არასაშიშმა, კეთილმა ქალბატონმა გაუღო. - მოდი, შვილო! - აი, პური და ხურდა! - გიორგიმ ორი ხელით გაუწოდა, თითქოს ეუხერხულა შიგნით შესვლა. - მოდი, შვილო! მე დეიდა მარგო ვარ, შემოდი, შემოდი! - და ხელზე ფრთხილად მოკიდა ხელი. - აი, აქ ჩამოჯექი. - მარგომ პური გამოართვა და მაგიდაზე დადო. - ეგ ხურდა შენი იყოს, ნაყინს იყიდი. - არა, არა... - უხერხულად დახარა თავი ბიჭმა და ოცკაპიკიანი იქვე, მაგიდაზე დადო. - აბა, რამე რომ დამჭირდეს, აღარ დაგიძახო?! - როგორ არა, როცა გინდათ, დამიძახეთ და გაგეგზავნებით ყველგან. - კარგი, მაშინ ახლა ეს ფული გამომართვი და სხვა დროს ისე მომიტანე ხოლმე. ხომ? - გიორგი უხერხულად შეიშმუშნა, ხოლო მარგომ ხალათის ჯიბეში ჩაუდო ფული. - შენი მშობლები ვინ არიან? - უთხრა, რადგან მისთვის უხერხულობა მოეხსნა. - მამა არ მყავს, დედას თამარი ჰქვია. - თავი დახარა ბავშვმა. მარგომ მისი თავდახრით ისარგებლა და კარგად დაუთვალიერა დაკემსილ- დაკერებული შარვალი და დახეული ფეხსაცმელი. - დედა მუშაობს? - კი, ხან ღამის ცვლაშიც უწევს ხოლმე მუშაობა. - და, შენ მარტო ხარ ამ დროს? - დიახ. მარგო რამდენიმე წამს ჩაფიქრდა. ამით ისარგებლა ბიჭმა და შემოსვლის დროს დანახული, მაგიდაზე მდგარი ლარნაკისკენ გააპარა თვალი, რომელშიც ბევრი შოკოლადის კანფეტი იყო. მას შოკოლადის გემო მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გასინჯული. ინტერნატში წელიწადში ოთხჯერ აძლევდნენ მურაბიან კანფეტს და ისიც ორ-ორ ცალს: ეს იყო შვიდი ნოემბერი - რევოლუციის დღესასწაული; ოცდახუთი თებერვალი - საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოჭრის თარიღი; ოცდაორი აპრილი - ლენინის დაბადების დღე და პირველი მაისი - მშრომელთა დღესასწაული. თუ არ ჩავთვლით ახალ წელს, როცა ბავშვების უმრავლესობას გამოუჩნდებოდა ხოლმე პატრონი და სახლებში მიჰყავდათ. გიორგის ასეთი ბედნიერება ერთხელ დაუდგა და სწორედ მაშინ შეიგრძნო ეს გემო. ამიტომ უყურებდა იმ ლარნაკში ჩაყრილ შოკოლადს და ფიქრობდა, ამდენი შოკოლადი რომ მისი ყოფილიყო, მასზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ იქნებოდა. მარგოს ფიქრი და გიორგის ოცნება, ერთ წუთსაც არ გაგრძელებულა. ქალი წამოდგა, კარადა გამოხსნა და იქიდან ქაღალდის პარკი გამოიღო. „რისთვის უნდა ეს პარკი? ნეტავ ცოტაოდენი შოკოლადი ჩამიყაროს~. - გაიფიქრა გიორგიმ და სინანული აღებეჭდა სახეზე, როცა მარგო სამზარეულოში გავიდა. იქიდან თითქმის სავსე პარკით დაბრუნდა, შიგ ჩაელაგებინა ვაშლები, მსხლები და სხვადასხვა ხილი. - აი, შვილო, - მიმართა გიორგის, რომელიც შოკოლადზე ფიქრისგან ჯერაც არ გამორკვეულიყო. - ეს სახლში წაიღე. დედიკო შინ არის? - უთხრა მარგომ და მაგიდიდან აღებული შოკოლადით სავსე ლარნაკი პარკში ჩააპირქვავა. გიორგიმ ძლივს შეიკავა თავი უდიდესი სიხარულის გამო შეკივლებისაგან. იმ წუთში მასზე ბედნიერი არ მოიპოვებოდა მსოფლიოს ბავშვთა შორის არავინ. მარგომ, როცა გიორგი სახლიდან გამოაცილა, მზიას მიუკაკუნა, რომელიც უმალ გამოვიდა. - მზია, შვილო, იქნებ გახვიდე სპორტულ მაღაზიაში და ჟორას სთხოვო, რომ ცოტა ხანს ჩემთან გამოვიდეს. - ახლავე, დეიდა მარგო! - უთხრა მზიამ და კიბეებზე ჩაირბინა. სპორტულ მაღაზიას მათ სადარბაზოსთან ერთი კედელი ყოფდა, ხოლო საწყობი მათი, ამავე სადარბაზოს სარდაფში იყო განთავსებული. ჟორა მაღაზიის დირექტორი გახლდათ. მას ყველა პატივს სცემდა, როგორც პატიოსან და წესიერ ახალგაზრდა კაცს. ხუთიოდე წუთის შემდეგ მზიამ კარები შეაღო. - დეიდა მარგო, აი, ჟორა მოვიყვანე! - შემოდით! - მოისმა ოთახიდან. - როგორ ბრძანდებით, ქალბატონო მარგო! - უთხრა კაცმა, რომელსაც ერთი წელია თვალი არ დაუკრავს მისთვის და ცოტა ეჭვის თვალითაც კი შეხედა, რომ იცოდა მისი მდგომარეობა. მარგოს ოდნავ გაეღიმა, მისი დაკვირვებული მზერა რომ დაიჭირა. - დაბრძანდი, ჟორა! ბოდიში, რომ თავად ვერ გამოვედი. - როგორ გეკადრებათ, ქალბატონო მარგო, მე თქვენს სამსახურში ვარ, თუკი რამე შემიძლია. - დეიდა მარგო, მე გჭირდებით რამეში? - მოწიწებით თქვა მზიამ. - არა, არა, დიდი მადლობა. თუ საქმე გაქვს, მიხედე და მერე გამოდი. მზია გავიდა, ჟორა კი გაფაციცებით შეჰყურებდა მარგოს. - ჟორა, ერთი რამ მინდა გთხოვო. - დიახ, გისმენთ, ქალბატონო მარგო! - ამ ეზოში, ქვედა კორპუსში, ცხოვრობს ერთი პატარა ბიჭუნა, რომელიც ინტერნატშია მიბარებული. მამა არ ჰყავს. ეს ბავშვი მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე ჩამოჰყავთ, დანარჩენი დრო სულ იქ არის. მე არ ვიცი, შეგიმჩნევია თუ არა, როგორი ჩაცმული დადის, მაგრამ მინდა გთხოვო ერთი რამ. სკოლაში მისვლამდე ერთი თვეც აღარ დარჩა. შენ რომ მოგდის საქონელი - კედები და პატარ-პატარა რაღაცები, მანქანიდან პირდაპირ კიბეებზე რომ ყრით ხოლმე. ეგ ხომ მძიმე სამუშაო არ არის და იქნებ ერთი მუშის მაგივრად ის ბიჭი ამუშაო?! ეგეც არ იყოს, საწყობიდანაც ხომ გაქვს ხოლმე მაღაზიაში ამოსატანი საქონელი. ძალიან ცოცხალი ბავშვია, მაგრამ მძიმე საქმეს ნუ დაავალებ, ცოდვაა. სწავლის დაწყებამდე ცოტა ფულს მაინც მისცემდი, გამოადგებოდა რამეში. ახლა კი მისმინე: ბავშვს გიორგი ჰქვია და არის ათი-თერთმეტი წლის. შენ დააძახებინე რომელიმეს და დაელაპარაკე მუშაობის თაობაზე. უთხარი, რომ მსუბუქ სამუშაოს სთავაზობ და ამასთან, კარგ გასამრჯელოს. მანამდე კი მითხარი, რამე თუ გაქვს მისი ზომა: შარვალი, პერანგი, მაისური, სპორტული ფეხსაცმელი. - თითქმის ყველაფერი მაქვს, ქალბატონო მარგო, და ყველა ზომის. - დაახლოებით რა ფასები აქვს ამ ყველაფერს? თუ მეტყვი, კარგი იქნება. - შარვლები მაქვს შვიდმანეთიანი, კარგი ხარისხის ჯინსის შარვლები. `ბოტასებიც~ მაქვს და ღირს ათი მანეთი. `მაიკებიც~ მაქვს და `საროჩკებიც~. ეგენი ორი-სამი მანეთის ფარგლებში. კედებიც მაქვს ჩინური, ოთხმანეთიანი. - გასაგებია ყველაფერი. ესე იგი, როგორც მე მოვთვალე, ოცდახუთი მანეთი ამ ყველაფრისთვის საკმარისია. - ასე გამოდის. - თავი დაიქნია ჟორამ. - მაშინ, - განაგრძო მარგომ. - ახლა მე მოგცემ ამ ფულს და როცა მას სამუშაოდ დაითანხმებ და ამ ყველაფერს შესთავაზებ, ეტყვი, რომ თუ გნებავს ნელ-ნელა გამოგიქვითავ მუშაობაში-თქო. შენ პატიოსნად გადაუხდი და რა იცის მან, გაუქვითავ თუ არა. აი, ეს ფულიც. - კარადის უჯრიდან ამოღებული ფული ჟორას წინ დაუდო. - ის აუცილებლად დაგთანხმდება ტანსაცმელზე, რადგან მას არაფერი აქვს. ამიტომ იმუშავებს. კიდევ ერთხელ გთხოვ, მძიმე სამუშაოს ნუ დაავალებ. ხანდახან მეც დაგაკონტროლებთ ხოლმე, თუ ამის ნებას მომცემ. - ღიმილით უთხრა მარგომ. - ქალბატონო მარგო, - ელოდა ჟორა, როდის დაამთავრებდა ქალი სიტყვას და ასევე, ღიმილიანი სახით მიმართა: - თქვენ ისეთი რამ მითხარით, მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, თქვენგან ეს ფული ავიღო. რაც შეეხება თქვენს თხოვნას, ყველაფერს გავაკეთებ ისე, რომ თქვენც მადლიერი დარჩეთ და ის ბიჭუნაც. - როგორ გეკადრება, ჟორა! მე ჩემს წილ სიკეთეს ვაკეთებ და თუ შენც ამასვე ფიქრობ, შენ შენი გააკეთე, მაგას რა ჯობია! აიღე ეგ ფული! - ძალად მიაჩეჩა. - კიდევ მაქვს ბოლო თხოვნა: ამის შესახებ არავინ არასოდეს არაფერი გაიგოს, მითუმეტეს, გიორგიმ. - კარგით, გასაგებია, ქალბატონო მარგო. გპირდებით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. გეტყვით იმასაც, რომ აქედან მივდივარ დიდად ნასიამოვნები და გაოცებული. ამავე დროს, სიკეთის ქმნისთვის ათასჯერ მომზადებული. კარგად ბრძანდებოდეთ! გისურვებთ ბედნიერებას და ცისანასთან მალე შეხვედრას! თუ რამე დაგჭირდებათ, მე აგერ ვარ! მარგომაც გადაუხადა მადლობა და დაემშვიდობა. ჟორამ, გასვლისთანავე დააძახებინა ბიჭებს გიორგისთვის და სამსახურზე მაშინვე დაითანხმა. ხოლო, როცა არამარტო მარგოს ანგარიშში, არამედ, ერთი იმდენი, თავის მხრივ, ტანსაცმლის სახით რომ მისცა, ბავშვი გაოგნებული იყო, რადგან ჯერ არ განელებოდა შოკოლადით მიღებული სიხარული. ის მხოლოდ იმას ფიქრობდა, ასეთი კეთილი ადამიანები, ასე ერთიანად როგორ გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაშიო. ეს ბედნიერი დღეები, ერთ დილით მეზობლის ქალმა ჩაუმწარა. ის ყვიროდა გიორგის დედის სახელს და, როცა გიორგიმ გახედა, დაუყვირა, ჩამოეთრიე დაბლაო. ბავშვმა ერთი კი ამოილუღლუღა: - რა გნებავთ? - ჩამოდი და გაიგებ! ვითომ არ იცი, ისე მოგაქვს თავი! სად არის დედაშენი? დაყრიან უპატრონოდ და დაანებებენ თავს! იხალოს სხვამ თავში ქვა! - დედა არ არის სახლში. რა გნებავთ, დეიდა? - სცადა გარკვეულიყო, თუ რა უნდოდა ქალს. - ჩამოდი დაბლა და გაიგებ! ჩამოდი, განა შეგჭამ! გიორგი ლასლასით ჩავიდა ეზოში, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რცხვენოდა შეკრებილი ხალხის. ქალმა ჩანთა გადასწია და შიგ მკვდარი ქათამი დაანახა. - ეხლა ეს ქათამი ამოიღე, წაიღე სახლში და დედაშენი რომ მოვა, უთხარი, ამის ბადალი საიდანაც უნდა, იქიდან მომიყვანოს! - ეს მკვდარი ქათამი რად გვინდა? - გაოცებულმა ახედა გაწიწმატებულ ქალს. - ქვას რომ ესროდი, რატომ მაშინ არ ფიქრობდი?! - რას ლაპარაკობთ, რა ქვას, მთელი დღე მაღაზიაში ვიყავი. გარეთ არც გავსულვარ. - გონს მოეგო გიორგი. - ვინ გითხრათ ჩემზე? ტყუილია! - ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი და ის გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ ახლავე წაგათრევ მილიციაში და ნახავ მერე სეირს! - არ ცხრებოდა ქალი. გიორგის ცრემლი მოადგა. ქალები კი აყაყანდნენ: - ნეტავ არდადეგებზე რაღას მოათრევს იმ ინტერნატიდან. ეგდოს იქ, ქათმებს მაინც აღარ დაუხოცავს ვინმეს. - თქვა ერთმა, რომელსაც უმალვე აჰყვა მეორე: - ცოდვის სახილებლად დააჩენენ ამ შვილებს. იმიტომ არის ქვეყანაზე ამდენი ბანდიტი და ყაჩაღი, ასე რომ არიან ბავშვობიდან უპატრონოდ დაყრილები. მარგომ ყველაფერი კარგად გაიგო და გარეთ რომ გამოვიდა, მთელი ქალების ყურადღება იქით მიიქცია, თვით ქათმის პატრონისაც კი, რადგან მისთვის წელიწადია თვალი არავის მოუკრავს. ის თავის საქათმისკენ გაემართა, სადაც ჯიშიანი დედლები ჰყავდა გამოზრდილი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ნელი და მზია უვლიდნენ მათ. იქიდან უშველებელი დედალი გამოიყვანა და შეჯგუფებული ქალებისკენ წამოვიდა. ეს მოხდა ძალიან სწრაფად. მანამ, სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა, მარგო პირდაპირ იმ ქალს მიეჭრა და გაცეცხლებული სახით მიმართა: - მომეცი შენი ქათამი! ქალმა ვერ გაიგო, რა უნდოდა მას. - მომეცი-მეთქი შენი მკვდარი ქათამი! - უთხრა და ჩანთაზე წაატანა ხელი. ხალხი გაისუსა. ქალმა იძულებით გადახსნა ჩანთა. მარგომ მკვდარი ქათამი ამოიღო და თავისი უზარმაზარი ცოცხალი დედალი შიგ ჩაუსვა. - ამ წიწილში, - თითქმის თვალებთან მიუტანა ხუთი წუთის წინ გამგელებულ ქალს. - დედალს გაძლევ! ოღონდაც აქედან პირუჩუმრად წადი და იცოდე, ეს ბავშვი არ არის ამ ქათმის მომკვლელი. - მაშ...… - სცადა რაღაცის თქმა ქათმის პატრონმა. - არავითარი მაშ! - უყვირა მარგომ და ახლა იქ შეკრებილ ქალებს მიუბრუნდა. - თქვენ რაღას დამდგარხართ ამხელა ქალები და შეჰყურებთ სეირს?! თან როგორ გზიზღებიათ ეს ბავშვი სუყველას! - ჩვენ რა შუაში ვართ, მარგო?! - გაბედა ერთმა თავის გამართლება. - ჩვენ შემთხვევით შევესწარით ამას! - ხო, შემთხვევით შეესწარით და თან დაამტკიცეთ, რომ ეს არის ამ საქმის ჩამდენი, არა?! რატომ ეს და რატომ თქვენი შვილები არა?! ოხ, დედა ენაცვალოთ! ეს უპატრონოა და ყველა უბედურება მარტო მან შეიძლება ჩაიდინოს, არა?! მე ვამბობ ყველას გასაგონად: - თითი ასწია მაღლა. - დღეიდან მე ვარ ამ ბავშვის პატრონი და ნეტავ არ მინდა, ვინმემ უბატონოდ ხმა გასცეს! მარგო მიბრუნდა და იქვე ახლოს ნაგვის ბუნკერთან მივიდა. მკვდარი ქათამი შიგ ჩაახეთქა და თავის სადარბაზოსკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. ხალხი ცოტა ხანს კიდევ იდგა გამტკნარებული, მერე ყველა თავ-თავის გზას გაუყვა. გიორგის ცხოვრებაში და ცნობიერებაში კი ეს მომენტი, დაუვიწყარ მომენტთა შორის, ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება, რადგან მან გაუღვივა მამაკაცში ყველაზე გამორჩეული გრძნობა - სიმამაცე. ამასთან ერთად, დეიდა მარგომ, მის სულში აღმოაცენა ადამიანისთვის საუკეთესო რამ - სიკეთის შეგრძნება. ეს დღე გიორგის აღარასოდეს დაავიწყდება. *** გავიდა დაახლოებით ერთი თვე და დადგა ბავშვების სკოლაში გასამგზავრებელი დრო. არდადეგების პერიოდს ისინი ყოველთვის ხალისიანად ატარებენ - სამეცადინო არ აქვთ, ბურთს თამაშობენ და თავისუფლად გრძნობენ თავს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც რეჟიმში უნდა ჩადგნენ. სხვა სკოლებთან შედარებით, ინტერნატი განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს, რადგან იქ თავისუფლება მთლიანად შეზღუდულია. ამიტომ, არდადეგების დამთავრებას, სახლის ბავშვებისგან განსხვავებით, გიორგი ყოველთვის გაცილებით მეტი მწუხარებით გამოხატავდა. დღეს ეს მის სახეზე საერთოდ არ შეინიშნება, პირიქით, ის აღფრთოვანებულია იმით, რომ სკოლაში მიდის. ამის მიზეზი არის თავისი შრომით შეძენილი ნივთები, რომლებიც, ერთი სული აქვს, თავის კლასელებს და მასწავლებლებს აჩვენოს. მან იცის, რამდენი ბავშვი უნდა დარჩენილიყო მისი კლასიდან ამ ზაფხულს სკოლაში და ვის არ წაიყვანდნენ სახლში. თითოეული მათგანისთვის, პატარ-პატარა პარკებში, საკუთარი ფულით ნაყიდი კანფეტები გამოკრა. ასე იზრუნა დაჩაგრულ მეგობრებზე და კიდევ ამისთვისაც მიუხარია იქ. მანამდე კი, უნდა დაემშვიდობოს დეიდა მარგოს და ბიძია ჟორას, რომელთა გახსენებაც, ცხოვრების მანძილზე - ბავშვობის მონატრებას, სიხარულს და სიყვარულს აღუძრავს. გიორგიმ სპორტული მაღაზიის დირექტორის კაბინეტის კარზე დააკაკუნა. - მობრძანდით! - მოისმა შიგნიდან ჟორას ხმა. - გამარჯობა, ჟორა ბიძია! - კარები შეაღო გიორგიმ. დირექტორი რაღაცას წერდა. ბავშვის დანახვისთანავე კალამი გვერდით გადადო და ფეხზე წამოდგა. - მოდი, გიორგი, შემოდი! - ჟორა ბიძია, ხვალ სკოლაში მივდივარ და ალბათ ერთი წელი ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. გამოსამშვიდობებლად მოვედი და მინდა მადლობაც გითხრათ ყველაფრისთვის. ჟორას უეცარი ნაღველი მოაწვა ყელში, რამაც კინაღამ ცრემლი მოადინა, მაგრამ თავს მოერია. - გიორგი, ჩამოჯექი! - მხარზე ხელი მოხვია და ისე მიიყვანა სკამთან. თვითონ მის მოპირდაპირედ დაჯდა. - მაშ, ასე,… - თქვა და ხელის თითები გადააჯვარედინა ერთმანეთს. - მე შენი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. შენთან განშორებას გამყიდველი გოგონებიც ძალიან განიცდიან, მაგრამ რას ვიზამთ, სწავლას თავისი ადგილი აქვს, შრომას - თავისი. ერთი წელიც უცბად გაირბენს და ისევ ჩვენთან იქნები. მანამდე კი, - წამოდგა ჟორა და იქვე მდგარი კარადის უჯრა გამოხსნა, საიდანაც შავწარწერებიან ცელოფანში შეფუთული რაღაც გამოიღო. - გადავწყვიტეთ, რომ აი, ეს ადიდასის ფირმის სპორტული ტანსაცმელი გაჩუქოთ, რაც უთუოდ გამოგადგება სპორტულ ღონისძიებებში. გიორგიმ მაგიდაზე დადებულ ძვირფას ტანსაცმელს დახედა და სიხარულისგან გამოწვეული ღიმილი ვეღარ დაფარა. წამოდგა, აცმუკდა, თავი ვეღარ შეიკავა. ამ ერთი თვის განმავლობაში ის განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდა და ასეთი მოულოდნელი ცვლილების აღქმის უნარი კი, მის პატარა გონებაში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო. ამიტომ, არ იცოდა, როგორ გამოეხატა, ან როგორ დაეფარა რამე. - დიდი მადლობა, ჟორა ბიძია. - კვლავ იღიმოდა გიორგი. - აბა, ეს დამიჭირე და ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. შემდეგ გოგონებს დავემშვიდობოთ და ერთი წელიც მალე გაირბენს. გიორგი გოგონებსაც დაემშვიდობა. მათ სათითაოდ აკოცეს თავიანთ პატარა „თანამშრომელს“ და ბედნიერება უსურვეს. იქიდან გამოსულმა, მარგოს მიუკაკუნა. - დეიდა მარგო, ჟორა ბიძიას მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. თქვენთანაც ამისათვის მოვედი. - მოდი, შვილო, გელოდებოდი. - ღიმილიანი სახით უთხრა მარგომ და კარი უფრო ფართოდ გამოხსნა. - აბა, როგორი კმაყოფილი ხარ გატარებული არდადეგებით და მუშაობით? - ჰკითხა, როდესაც ოთახში ჩამოსხდნენ. - ძალიან გახარებული ვარ. ახლა ისეთი რაღაცები მაქვს და იმდენი, ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი და თან ვფიქრობდი, რომ არასოდეს მექნებოდა. მარგომ თავი დაბლა დახარა. ქალურმა სისუსტემ, ჟორასაგან განსხვავებით, ვერ გაუძლო მოწოლილ ცრემლს და თვალები შეუსველდა. ეს რომ გიორგისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, წამოდგა და კარადასთან მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ იქიდან პატარა კოლოფი გამოიღო და ისევ ჩამოჯდა. - ეს პატარა საჩუქარი, ვფიქრობ, გამოგადგება. - მარგომ კოლოფს თავი მოხადა და გიორგის მზერაც მასში აბრჭყვიალებულმა ულამაზესმა მაჯის საათმა მიიპყრო. - შეხედე! - ახლოს მიუტანა საათი და გიორგიმაც წამოსწია მისკენ კისერი. - ხედავ მასში მოძრავ სიფრიფანა ისარს? - დიახ. - თქვა აღტაცებულმა ბიჭმა. - ეს არის წამზომი, რომელიც წინ მიიწევს, რაც იმის მანიშნებელია, რომ წამები მიდიან. მისი თითოეული ნაბიჯით წინ წასვლა, ჩვენი ცხოვრების დროის შემცირებას ნიშნავს. ადამიანი, ვინც დროს ფუჭად დაკარგავს, ვერ შეასრულებს თავის მისიას. ამიტომ გახსოვდეს: ყოველი წუთი და წამი გამოიყენე სწავლისთვის, ფიქრისთვის, სიკეთისთვის და სიცოცხლისთვის, რადგან ის წიკწიკა წამები, რომლებიც წინ მიიწევენ, უკან აღარასოდეს ბრუნდებიან. მიდიოდა გიორგი სახლისკენ და ფიქრობდა, თუმცა არ იცოდა რაზე ეფიქრა, - იმაზე, რომ მას ჰქონდა საკუთარი ტყავის ბურთი, ნაირნაირი კალმები, ლამაზ-ლამაზი რვეულები და უამრავი კონვერტი, რითაც საბავშვო ჟურნალებში გააგზავნიდა მრავალ წერილს, თუ იმაზე, რა უთხრა დეიდა მარგომ?! ისეა თუ ასე, მან ერთი რამ მაინც იცოდა, რომ ის ყველაზე ბედნიერი იყო დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ბავშვთა შორის, მაგრამ იმავე პატარა გონებით ვერ ასიგრძეგანებდა იმას, ვინ და რა შეიძლება ყოფილიყო ამ ბედნიერების საწყისი. თერთმეტი წლის ასაკში ასეთი ცხოვრებისეული ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს პერსპექტივა და ამას ჰქვია მომავალი, რომელიც მისი მეხუთე კლასის დროინდელი ემოციით დატვირთული საზაფხულო არდადეგების საიდუმლოს ნამდვილად გახსნის. მეორე დილით გიორგი მატარებელში იჯდა და ინტერნატისკენ მიიჩქაროდა სხვა ქალაქში. მას ფანჯარაზე თავი მიედო და სინანულით გაჰყურებდა უკან დარჩენილ არე- მარეს. იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდნენ მისთვის საყვარელი ადამიანები - დეიდა მარგო და ჟორა ბიძია. მიდიოდა და ოცნებობდა იმაზე, რომ სწრაფად გასულიყო ეს ერთი წელი და ისევ ენახა ისინი. ისევ ემუშავა სპორტულ მაღაზიაში და ეყიდა უფრო მეტი რამ, მაგრამ რა იცოდა, რომ დედა გარდაეცვლებოდა და ხუთი წელიწადი ვეღარ იხილავდა ამ ქალაქს. გიორგის წასვლის შემდეგ მარგომ ფანჯრებიდან შავი ფარდები ჩამოხსნა, სამსახურში სიარული დაიწყო და წინანდელთან შედარებით მკაცრი იერით ჩაება საზოგადოებრივ ორომტრიალში. ჟორა რამოდენიმე თვის შემდეგ სხვა სამსახურში გადაიყვანეს. უბნის ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა და ასე გავიდა რამდენიმე წელი. ხუთი წლის შემდეგ, თექვსმეტი წლის გიორგი, იმ ჩემოდნით დაბრუნდა თავის დაბადების ადგილზე, რომელთან ერთადაც სულ პაწაწინა მიაბარეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში. მაშინ იმ ჩემოდანში მისი პატარა გამოსაცვლელი ტანსაცმელი ელაგა. ახლა კი შიგ აწყვია ის ნივთები, რომლებიც გიორგის არასოდეს დაავიწყებს ინტერნატს და მასთან ერთად დღიურები, რომლებსაც იგი მოძალებული გრძნობების დასაოკებლად წერდა. კორპუსის ეზოში რომ შევიდა, თავისი სახლის სადარბაზო ძლივს ინიშნა, რადგან ხალხს მანქანის სადგომები აეშენებინა და ერთ დროს მოედანივით გაშლილ ადგილს სულ დაეკარგა ძველი იერი. რამდენიმე მეზობელიც შეხვდა - ზოგმა იცნო, ზოგმაც ვერა, მაგრამ ვინც იცნო, ისინიც ცალყბად მიესალმნენ და თან ამრეზით აათვალიერეს განსხვავებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ყმაწვილი ძველმოდური ჩემოდნით ხელში. გიორგიმ მეზობლებისგან ეს სიცივე და ირონიული დამოკიდებულება კი შეამჩნია, მაგრამ სადარბაზოში მაინც მშვიდად შევიდა. სახლის კარებთან რომ მივიდა, შეჩერდა და ცოტა ხანს დაკვირვებით უყურა ალაგ-ალაგ საღებავგადამძვრალ ხის კარებს. გაახსენდა წლების წინანდელი ზაფზულის არდადეგები, როგორ გადარბოდა კიბეებზე იმისათვის, რომ ეზოში ბურთი ეთამაშა ბავშვებთან. ორიოდე წუთში ბევრი რამ წარმოიდგინა და ხაოიან კარებს ხელი ფრთხილად გადაუსვა. შემდეგ გვერდით მეზობლებს მიუკაკუნა. მისი აზრით გასაღები რომელიმე მათგანს უნდა ჰქონოდა. ორმა ქალბატონმა თითქმის ერთდროულად გახსნა კარი და უცხო ახალგაზრდის დანახვისთანავე ცოტა შეცბნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მაშინვე იცნო, როცა გიორგი მათ მიესალმა და გაუღიმა. - დედა, დედა, რამხელა ბიჭი გამხდარა! მოდი, შემოდი ჩვენთან! - რას ლაპარაკობ, ეს გიორგია?! - თქვა მეორემ და ეზოში შეხვედრილი მეზობლების მსგავსად ზედმიწევნით დაუთვალიერა ინტერნატის ფორმის ტანსაცმელი. - ჩემი სახლის გასაღები თქვენ ხომ არ გაქვთ? - უთხრა მგზავრობით დაღლილმა გიორგიმ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, სადმე ჩამომჯდარიყო. - კი, მე მაქვს. - შებრუნდა ის ქალბატონი, რომელმაც პირველმა იცნო ბიჭი. - აი, შვილო, გასაღები. საწყალმა დედაშენმა დაგვიბარა, ყველაფერი ისე დაახვედრეთ გიორგის, როგორც დავტოვებ და ყველას გთხოვთ, მიმიხედეთ ბავშვსო. გიორგიმ მადლობა გადაუხადა და სახლში შევიდა. შიგნით შმორის სუნი იდგა. ჩემოდანი ოთახში დადგა და ლოჯიის ფანჯრები გამოხსნა. ოთახში რომ შემობრუნდა, მაგიდაზე მდგარ დედის გადიდებულ სურათს შეხედა და ცოტა ხანს უყურა. შემდეგ მის წინ დადებული ფურცელი აიღო და სკამზე ჩამოჯდა. მას დედის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი ეჭირა ხელში. „შვილო, გიორგი! შენ როცა ამ წერილს წაიკითხავ, უკვე დიდი იქნები და შენი მდგომარეობის გაანალიზება არ გაგიჭირდება. მინდა გითხრა, რომ სიცოცხლე არ არის ყველასთვის ერთნაირი და ადამიანები განსხვავებული ბედით მოდიან ამ ქვეყნად. ზოგს მძიმე ტვირთი აქვს, ზოგსაც მსუბუქი. ვისაც მძიმე ტვირთი აქვს, ის გაცილებით ბედნიერია, რადგან ტანჯვა აკაჟებს, აწრთობს და აძლიერებს ადამიანს. ვისაც რაიმე ღირებული შეუქმნია დედამიწაზე, ყოველი მათგანი მძიმე ტვირთით და ტანჯული ხვედრით გამოირჩევა. თუ რომელიმეს ბედით არ ღირსებია სიმწარე, თვითონ უძებნია და უპოვნია სატანჯველი. ასე რომ, გახსოვდეს: შენ შენი თანატოლებისაგან განსხვავებით ყოველთვის გამორჩეული იქნები გონებითა და სულით, თუკი არ გადაუხვევ პატიოსან გზას და იცხოვრებ ადამიანურად. ახლა კი, შვილო, რაც შეეხება ჩვენს ურთიერთკავშირს: მე დედა ვარ შენი და არა გამზრდელი. შენ რომ ამ ქვეყანას მოევლინე, მე დავაავადმყოფდი და ვეღარ შევძელი შენი აღზრდა. შემეძლო ცოტა გამეჭირვებინა და ჩემთან მყოლოდი, მაგრამ არ ვიცოდი, როდის დადგებოდა ჩემი აღსასრული და ამიტომ გავფრთხილდი. შენ რომ დაობლებულიყავი რვა და ცხრა წლის ასაკში და სახლში ყოფილიყავი, მერე უფრო გაგიჭირდებოდა ინტერნატთან შეგუება - გაგიორდებოდა სული და ცუდად ჩამოყალიბდებოდი. ავადმყოფობის გამო ვერ ვმუშაობდი და შენი არდადეგების დადგომამდე, ერთი თვით ადრე გავდიოდი სამსახურში, რათა შენთვის შემძლებოდა საჭმელი მეჭმია. მე ქალი ვარ და როგორც შევძელი, ისე შევები ჩემს კუთვნილ სატანჯველს, რომელსაც ვფიქრობ, რომ მაინც ვაჯობე. ჯერი ახლა შენზეა. შენ ერთ გარემოში ხარ ჩამოყალიბებული და ეგ აუცილებლად დაგეხმარება - მშვიდად გაუსწორო თვალი რეალურ სამყაროს. იყურე მხოლოდ წინ და წარუმატებლობის შემთხვევაში არასოდეს დაადანაშაულო წარსული. მიზეზი ეძებე საკუთარ გონებაში. მე შენთვის ვლოცულობ და დარწმუნებული ვარ, იმდენად მსუბუქად აიკიდებ მძიმე ტვირთს, რომ შენი ცხოვრება სხვებისთვის საამაყო და მისაბაძი გახდება. და კიდევ ერთს გეტყვი, შვილო: მაპატიე, მეტის ქმნა შენთვის, ვერაფრით შევძელი“. შენი დედიკო, 1974 წელი, იანვარი. გიორგიმ წერილი ისევ მაგიდაზე დადო, წამოდგა და დედის სურათი ხელში აიღო. მას თვალებიდან განუწყვეტელი ცრემლი სდიოდა. - არა, დედა, შენ არასოდეს დაგადანაშაულებ. ნეტავ სიცოცხლეში მოგესმინა ჩემი ეს სიტყვები. შენს საამაყოდ კი, მე მსუბუქად ავიკიდებ ჩემს მძიმე ტვირთს. - სურათს ეამბორა და მაგიდაზე ფრთხილად დადგა. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და ეზოს გადახედა. ეზოში უკვე შეკრებილიყვნენ ინტერესით შეპყრობილი მეზობლები და მისი ფანჯრებისკენ იმზირებოდნენ. გიორგი მაშინ მიხვდა, რომ ცრემლიანი თვალები ჰქონდა და მისალმებისთანავე შიგნით შებრუნდა. შემდეგ ხალათი გაიხადა, ხელ-პირი დაიბანა და საწოლზე გადაწვა. დაქანცულს მალევე ჩაეძინა და უკვე კარგად დაღამებულზე გამოეღვიძა. გარეთ ქარი ამოვარდნილიყო და ტანზე შემცივნებულიყო. წამოდგა, შუქი აანთო და ფანჯრები მიხურა. თავჩაქინდრული კვლავ საწოლზე ჩამოჯდა. ის ცხოვრების გზაგასაყარზე იდგა - თავად უნდა აერჩია მიმართულება, თუ რა გზით უნდა წასულიყო. უნდოდა ეფიქრა ხვალინდელ დღეზე, მაგრამ რაღაც ძალა არ აძლევდა საშუალებას და ახსენებდა მეზობლებთან შეხვედრას, როცა მას ყველა ცივად შეხვდა. ამის მიზეზი მისთვის ჯერ-ჯერობით გაუგებარი იყო. გიორგის გონებაში ამ განცდის გვერდით მოქმედებდა დედის შეგონება და მისი უეცრად აბობოქრებული ფიქრებიც კვლავ მშვიდ კალაპოტს უბრუნდებოდა. მან გადაწყვიტა, რომ დილიდან გასულიყო და მოეძებნა სამსახური, რადგან თავისი მასწავლებლების მიერ მისთვის მოქუჩებული მცირეოდენი ფულის დახარჯვის შემდეგ, შიმშილი დაემუქრებოდა. მთელი ღამე მაინც ნერვიულობაში გაატარა. ძილ-ღვიძილში გავიდა დრო და როგორც იქნა, გათენდა. გიორგიმ კარები დაკეტა და ქალაქში გავიდა. იკითხა შრომითი მოწყობის ბიურო და უფროსთან გამოცხადდა. - გამარჯობა! - მიმართა მოგრძო კაბინეტში მჯდომ ახალგაზრდა კაცს. - გაგიმარჯოს! - შეხედა ინტერესით ბიუროს უფროსმა და ახლოს მდგარი სკამისკენ მიუთითა. გრძელი მაგიდის ბოლოს ორი ქალბატონი იჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი რაღაცას წერდა. გიორგიმ მადლობა გადაუხადა და ჩამოჯდა. - მუშაობის დაწყება მინდა. - თქვა დაჯდომისთანავე. - რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა ბიუროს ხელმძღვანელმა. - თექვსმეტის. - უპასუხა გიორგიმ. - სწავლის გაგრძელებას არ აპირებ? - ინტერესით ჩაეკითხა კაცი. - ჯერ ვიმუშავებ და შემდეგ ვნახოთ. - შეჰღიმა ბიჭმა. - რომელი სკოლა დაამთავრე? - უფრო მეტი ინტერესით დააკვირდა უფროსი. - სხვა ქალაქში ვსწავლობდი. ახლა ჩამოვედი. - და მშობლები სად გყავს და საერთოდ საიდან ხარ? - იკითხა უკვე დაბნეულმა კაცმა. - მშობლები არ მყავს. დაბადებით აქ დავიბადე, მაგრამ ინტერნატში გავიზარდე. - თქვა ნაღვლიანი სახით გიორგიმ და იმ ქალების ყურადღებაც მიიპყრო. - სახლი გაქვს? - ჰკითხა უფროსმა და თან თანამშრომელ ქალებს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. - კი, როგორ არა. დედა ცხოვრობდა იქ და ამ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. - უპასუხა ძალამოკრებილმა გიორგიმ. - კარგი, გენაცვალე, ჩვენ გადავხედავთ სამსახურებს, სად რა არის და რამდენიმე დღეში გამოგვიარე. - უთხრა კაცმა, რომელიც მომღიმარი, ირონიული სახით ტანსაცმელზე აკვირდებოდა. გიორგი დაემშვიდობა და კაბინეტიდან გამოვიდა. მას სამივე იქ მსხდომმა ინტერესით გამოაყოლა თვალი. სანამ შენობიდან გამოვიდოდა, გაახსენდა, რომ არ უთქვამს უფროსს დღე და რატომღაც ამის შესაკითხად მიბრუნდა. კაბინეტის კარს რომ მიუახლოვდა, კარი ოდნავ ღია დახვდა. იქიდან სიცილისა და ხმამაღალი ლაპარაკის ხმა გამოდიოდა და გიორგიც უნებლიედ შეჩერდა. - შენ რა, ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა გამანაწილებელი პუნქტის უფროსი ხარ? - გადაიკისკისა ერთმა ქალმა. - თუ ძმა ხარ, - შეეშველა მეორე ქალბატონი. - ჩაცმულობაზე ვერ შეხედე, მაწანწალაა ვიღაც. ვინმეს არ გაუგზავნო და შარში არ ჩაიგდო თავი. ხომ იცი, რა დროა დღეს?! თავს გაუფრთხილდი! - მეც რა თავი მტკივა, - სიცილით გააგრძელა უფროსმა. - მოვა და ვეტყვი, არაფერია- მეთქი. აქ რა, დამაძალებს რამეს თუ რა. გიორგის ძალა გამოეცალა. ის ინტერნატიდან, ესე იგი ჩაკეტილი სივრციდან, პირველად მოხვდა გაშლილ, თავისუფალ სამყაროში და თურმე რა დაუნდობელი და მკაცრი ყოფილა მის ოცნებაში წარმოდგენილი ეს ბედნიერი სამყარო. სახლამდე ძლივს მიატანა. შევიდა თუ არა, მკვდარივით დაეშვა სკამზე, დედის სურათს შეხედა და ტირილი აუვარდა. ის დამარცხდა ცხოვრების პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე. დაეკეტა აზროვნება და მისი გონება მთლიანად ქაოსში აღმოჩნდა. თვალებში ედგა ერთადერთი რამ - მეზობლების გაყინული სახეები. ყურში კი ესმოდა შრომითი მოწყობის ბიუროს უფროსის ოთახიდან გამოსული ხმები და ხორხოცი. გიორგი ადგა. ლოჯიის ფანჯრებთან მივიდა და ეზოს გადახედა. იქ არავინ იყო და მასაც მიეცა საშუალება, კარგად მოეთვალიერებინა იქაურობა. ამ ყველაფერს ის მექანიკურად აკეთებდა, რაც კიდეც ეხმარებოდა დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქებაში. და აი, მისმა გონებამ ბავშვობისდროინდელი წლების მოგონებებში იწყო გადასვლა და დამძიმებულმა თავმაც ცოტა შვება იგრძნო. მას გაახსენდა ბოლოდროინდელი ზაფხულის არდადეგები და მისი ცალკეული მომენტები. ერთ ადგილზე თვალგაშტერებულ გიორგის დაქუფრული სახე ნელ-ნელა გაეშალა და მშვიდი იერი მიიღო. ამ პერიპეტიების გახსენების პარალელურად, იგივე გონება გამალებით ცდილობდა, დაემტკიცებინა მისთვის, რომ მას არავინ ჰყავდა ქვეყანაზე და ის არავის უყვარდა. და, როცა აქაფებული ნიაღვარივით მოვარდნილმა ბინძურმა წყარომ კინაღამ დაიპყრო მისი უმანკო სული, ამ დროს ის მომენტი გაახსენდა, მასთან საჩხუბრად მოვარდნილი ავი ქალბატონისაგან და მტრულად განწყობილი მეზობლებისაგან როგორ დაიცვა დეიდა მარგომ. ამის გახსენებას უკვე მოჰყვა მისგან ნაბოძები უამრავი შოკოლადი და საათი. საათი, რომელიც გიორგის ჩემოდანში იდო, როგორც უძვირფასესი ნივთი. ოი, საოცრებავ, მის აზროვნებაში უეცრად გამოჩენილმა მარგოს სახემ გზა გადაუღობა ერთი შეხედვით ყველაფრის წამლეკ ღვარცოფს და არა თუ მხოლოდ შეაკავა, არამედ მთლიანად მოაშორა მის საზღვრებს. გიორგის გაეღიმა და სრულიად გადაავიწყდა შრომითი მოწყობის ბიუროც და მეზობლებიც. - დეიდა მარგო...…- ჩაილაპარაკა თავისთვის და ფიქრებმა წარსულისკენ გაახედა. მეხსიერების მიერ მოწვეულმა იმდროინდელმა მადლმა იოლად შეაღწია დაბნეული ბიჭის სულში და ბოროტი ადამიანებისგან ნატყორცნი მრავალი შხამიანი ისარი წამებში გააუვნებელჰყო. გიორგის შებოჭილი და დამძიმებული სხეული ნელ-ნელა გაიშალა და დამსუბუქდა. მან კიდევ გადახედა იმ ადგილს, სადაც წლების წინ ერთმა ძვირფასმა ქალბატონმა სიკეთის და სიმამაცის უბრწყინვალესი მაგალითით დაასაჩუქრა. - დეიდა მარგო...…- კვლავ ჩუმად წარმოთქვა და გადაწყვიტა, რომ საღამოს სახლში სწვეოდა სტუმრად, რადგან მის ახლად წამოშლილ ჯანსაღ აზროვნებაში ის ერთადერთი იყო მთელს დედამიწაზე, ვისაც შეეძლო მასზე ეზრუნა. ახლა კი, უკვე დამშვიდებულს და შიმშილის გრძნობა მოძალებულს, შეეძლო წყნარად წასულიყო მაღაზიაში და პური ეყიდა. *** საღამოს ექვსი საათი იყო. მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა მიწას. ხალხი სამსახურებიდან ბრუნდებოდა და მეზობლების ეზოში საჭორაოდ გამოფენამდე საკმაო დრო რჩებოდა. გიორგი ჩქარობდა, უნდოდა მანამდე მოესწრო მარგოსთან მისვლა, სანამ უბანი გარეთ გამოიშლებოდა და ცრუ და მართალი ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლას შეუდგებოდა. ერთხელაც მოათვალიერა ზემოთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და ფანჯრები მიხურა. ეზო სწრაფად აიარა და როდესაც მარგოს სადარბაზოს მიუახლოვდა, თავისდაუნებურად გაექცა თვალი იმ შუშისკენ, რომელიც ოდესღაც ჩაამტვრია. წამიერად შეჩერდა. ის უხერხული, მაგრამ კეთილად დამთავრებული მომენტიც წარმოიდგინა და კიბეებს აუყვა. დაკაკუნებიდან მალევე გააღო კარები მარგომ და გაოცებით შეხედა უცხო ახალგაზრდას. - როგორ ბრძანდებით, დეიდა მარგო? - სიყვარულით შესცინა ბიჭმა. - გიორგი! - აღმოხდა მარგოს, კარს გადმოაბიჯა, წინ წაწეული გაშლილი ხელები სახეზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა და შუბლზე აკოცა. - როგორ გაზრდილხარ, შვილო! - ხელზე ხელი მოკიდა და ოთახში შეიყვანა. - როდის ჩამოხვედი? - ჰკითხა და თან სკამზე მიუთითა. - დაჯექი, დაჯექი! - გუშინ ჩამოვედი. - თქვა კარგი მიღებით და ძვირფასი ადამიანის ნახვით გახარებულმა გიორგიმ. - დედაშენის ამბავს, ალბათ, იქ გაიგებდი, არა, შვილო? - კი, გვიან მითხრეს. ქალმა ორჯერ, თითქმის შეუმჩნევლად გააქნია თავი და სახეზე სინანული გამოეხატა. - ბევრჯერ მიფიქრია შენზე და ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ, აი, ასეთი კარგი ბიჭი გაიზრდებოდი. - მწუხარების გაფანტვას შეეცადა მარგო. გიორგის ღიმილი მოჰგვარა ამ სიტყვებმა. - მეც ბევრჯერ გამხსენებია, მკვდარი ქათმის პატრონს რომ ეჩხუბეთ ჩემს გამო. მარგოს გაეცინა. - ეგ ამბავი ნამდვილად აღარ მახსოვდა. - სამაგიეროდ მე მახსოვს, ეგეც და ისიც, ბევრი შოკოლადი რომ მომეცით. საათსაც სათუთად ვინახავ და არც თქვენი დარიგება დამვიწყებია - დრო წინ მიდის და უკან აღარასოდეს ბრუნდებაო. ეჰ, მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. - ქალს ცრემლი მოეძალა და თავი დაბლა დახარა. გიორგი კი უკვე ნაღვლიანი ტონით განაგრძობდა. - მეგონა, განვთავისუფლდი და ბედნიერება თავისუფლებაშია-მეთქი. სიხარულით მოვიჩქაროდი და ვფიქრობდი, შევუერთდები ქვეყანას, ხალხს. აქ კი სულ სხვა რამ დამხვდა. მარგომ მწუხარება საბოლოოდ დაამარცხა და მომღიმარი სახე წინ მიმართა. - რა ნახე ამისთანა, რამ გაგაკვირვა? - ინტერნატში, დეიდა მარგო, მაინც არსებობდა სიყვარული. ბავშვები ერთად შეზრდილები ვიყავით და გვიყვარდა ერთმანეთი. სამი დღეა, რაც იქიდან წამოვედი. ერთი დღე იმ ქალაქში ვიხეტიალე, სადაც გავიზარდე და ორი კი - აქ. ამ ხნის განმავლობაში, ვისაც მე გადავეყარე, არცერთის სახეზე არ დამინახავს ის გამომეტყველება, რასაც ჩემი თანატოლების, თუნდაც ჩემი მასწავლებლების სახეებზე ვხედავდი მაშინაც კი, როცა ისინი მეჩხუბებოდნენ. წლების განმავლობაში ვოცნებობდი თავისუფალ სამყაროზე და აი, თურმე რა ყოფილა აქ: სიცივე, გულგრილობა, ირონია, სიძულვილი. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, სად მოვხვდი, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანებს არ უყვართ ერთმანეთი. დეიდა მარგო, მერწმუნეთ, რომ ასეთი სახეები არასოდეს მინახავს. მარგო დაიბნა. აღარ იცოდა, როგორი გამომეტყველება მიეღო. რა ეთქვა, ან რით ეპასუხა ამ არცთუ ისე სიმართლესმოკლებული მონოლოგისთვის. შეცდომა გამორიცხული იყო. მას საქმე ჰქონდა ცხოვრების დასაწყისში მდგომ ყმაწვილთან, რომელიც შეიძლებოდა ყოველ წუთს გაბოროტებულიყო და საზოგადოების ასეთი სიცივისთვის, ადეკვატურად ეპასუხა. წვალობდა ქალი, არ იცოდა, სად და რაში ეძებნა გამოსავალი. წამები გადარბოდა და ეს პაუზაც კი შეიძლებოდა დამღუპველად ქცეულიყო ბიჭისთვის. „მაშ, რა, მაშ, რა?“ - იმეორებდა გონებაში მარგო და როგორც იქნა, რაღაც საწყისს მიაგნო,- სახეზე კვლავ ღიმილი აუთამაშდა და მშვიდად მიმართა: - შვილო, ნუთუ ამ ბოლო დროს ნანახ ყველა ადამიანში ბოროტებას ხედავ?! გიორგი უეცრად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იგრძნო ამ კითხვის მიზანი. ამ კითხვას უსვამდა უკეთილშობილესი ქალბატონი, რომელიც ამჟამად მის წინ იჯდა. - არა, დეიდა მარგო, თქვენ, თქვენ... - სათქმელს თავი ვერ მოაბა ბიჭმა. მარგოს შედარებით კარგი განწყობა შეექმნა, რაც მის დამაჯერებელ იერში უკვე მკაფიოდ მოჩანდა. - გიორგი, - დამრიგებლური ტონით მიმართა ქალმა. - მინდა გითხრა, რომ შენ უცებ მოხვდი განსხვავებულ სამყაროში. შენი განვლილი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ახლანდელისგან. ამიტომ, შენს ადაპტაციას ახალ საზოგადოებასთან, დროის ფაქტორი განსაზღვრავს და მეტი არაფერი. ასე რომ, უცხო ადამიანები ბოროტებად და გულცივებად რომ მოგეჩვენა, ეს გასაკვირი სულაც არ არის. ალბათ, ბევრი წიგნი გექნება წაკითხული და დამეთანხმები, რომ იქ ბოროტების გვერდით კეთილი პერსონაჟებიც არიან, რომლებიც მათზე ყოველთვის იმარჯვებენ. ეს არის ცხოვრება და სიცოცხლე, შვილო, სადაც ბოროტება ვერასოდეს ვერ ამთავრებს ტრიუმფით თავის მოღვაწეობას. და, თუ ხანდახან მცირე ზეიმებს აწყობს სადმე, ესეც იმიტომ ხდება, რომ კეთილი ბუნების ადამიანები ყოველთვის ფხიზლად იყვნენ. - ყველაფერი გასაგებია, დეიდა მარგო. მე თქვენს ნათქვამში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა ცოტა სხვაგვარად არის. - რას გულისხმობ? - ინტერესით იკითხა მარგომ. გიორგის ცოტა ხნით სხვადასხვა საგნებზე გაუშტერდა თვალი. თითქოს უჭირდა რაღაცის თქმა. შემდეგ თავს მოერია და მის წინ მჯდომარე ქალბატონს მზერა გაუსწორა. - შეხედეთ, როგორ მაცვია! მარგოს არ სჭირდებოდა ბიჭის ტანსაცმლის დათვალიერება, რადგან ეს ისედაც თვალში საცემი იყო. ამიტომ, მას ყურადღება არსად გადაუტანია, ისე ჩაეკითხა: - ადამიანების ამოცნობაში მაგას რა მნიშვნელობას ანიჭებ? - ზუსტად მაგან განაპირობა, დამენახა მათი დამოკიდებულება ჩემნაირების მიმართ. - გიორგი ოდნავ აწრიალდა. მოწოლილი ბოღმისგან ყელის ძარღვებიც შეებერა. - სამი დღეა დავდივარ და ჩემი ასაკის ახალგაზრდა, არავინ მინახავს ასე ჩაცმული. როდესაც ვინმეს ველაპარაკები, მას, იმის მაგივრად, რომ ჩემთან ჰქონდეს საქმე, დამცინავი ღიმილით ჩემს ჩაცმულობას ათვალიერებს. თუ რაიმე დამჭირდა ამ ხნის განმავლობაში და ვინმესთან მივედი, მეკითხებიან: ვისი ბიჭი ხარ? ვინ არიან შენი მშობლები და სად მუშაობენ? სად ცხოვრობ? რატომ სწავლაზე არ ფიქრობ? ამას დიდი აზროვნება არ სჭირდება, მიხვდე, რომ შენს ქვეყანაში, სხვა ქალაქშიც რომ წახვიდე, იგივე განმეორდება, ოღონდ, ამას დაემატება კითხვა: შენი ქალაქიდან რატომ წამოხვედი? ამიტომ, მე ვიფიქრე ამ ყველაფერზე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სხვა ქვეყანაში წავიდე. იქ არავინ მკითხავს, ვინ არიან შენი მშობლებიო! აი, რისთვის გითხარით, დეიდა მარგო, ადამინები გულცივები არიან-მეთქი. ხალხს კი, რომელსაც არ გააჩნია სიბრალულის გრძნობა, არ შეიძლება მას კარგი ვუწოდოთ. შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემი ასეთი მსჯელობა, - პატარა პაუზის შემდეგ განაგრძო გიორგიმ, რომელსაც მარგო უკვე თავდახრილი უსმენდა. - მაგრამ ფაქტია, მე ეს დამოკიდებულება დავინახე და მასთან შეგუება ძალიან გამიჭირდება. მარგომ თავი ასწია, მის წინაშე იყო მოაზროვნე ყმაწვილი, რომელიც სრულ სიმართლეს ლაპარაკობდა. ამიტომ, მისთვის დამტკიცება იმისა, რომ საზოგადოება კარგია, კეთილია და გულში ჩაგიკრავსო, არასწორი იქნებოდა. ქალმა კვლავ დახარა თავი და ღრმად ჩაფიქრდა. აქ ერთ სიტყვასაც შეეძლო უარყოფითი შედეგის მოტანა. ესე იგი, ინიციატივა ისევ ბიჭისთვის უნდა მიეცა, რათა ბოლომდე გაეგო მისი მიზანი. - რომელ ქვეყანაში აპირებ წასვლას? - ჰკითხა მარგომ და კარგად დააკვირდა მის სახეს. - ჩემი არჩევანი რუსეთზეა შეჩერებული, რადგან ის ყველაზე დიდი ქვეყანაა. მასწავლებლებისგან, ტელევიზიიდან და გაზეთებიდან ვიცი, რომ იქ ბევრი ქარხნებია და მუშა-ხელი კი ჭირს. ცოტა რუსულიც ვიცი. წავალ სადმე და დავიწყებ მუშაობას. რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები - აქაც უპატრონო ვარ და იქაც იგივე დავრჩები. ჩემი უპატრონობა იქ შეიძლება ვერც გაიგონ და აქ კი შეიძლება სწორედ მაგან დამწიოს უკან. - გამოდის, რომ წასვლა სჯობს. ასეთ გადაწყვეტილებას საკმაო ფიქრი სჭირდება. - კვლავ გამომცდელად შეხედა ქალმა. - დიდი ფიქრი, დეიდა მარგო, ამას არ სჭირდება, რადგან რაც არ უნდა გავაკეთო და მოვიმოქმედო აქ, ამ ადამიანთა თვალში ყოველთვის ის ვიქნები, როგორსაც ახლა მხედავენ. ასე რომ, ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ მე არავინ მყავს, თორემ ამ ნიშნით, სადაც არ უნდა დავბადებულიყავი, ყველგან ესე ვიქნებოდი. ამიტომ, წავალ იქ, რომელ ქვეყანაშიც ამ ნიშანს ვერ შეამჩნევენ. - ბოლო სიტყვები გაღიმებულმა წარმოთქვა გიორგიმ. „რასაც ეს ბიჭი ამბობს, მე არ ვიცოდი? - თავის თავს დაუსვა კითხვა მარგომ გონებაში და თავადვე გასცა პასუხი: - ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი. ეს რომ პატარა იყო, ამ ნიშნით არ გამოარჩიეს მეზობლებმა, რომელთა წინააღდეგაც მომიხდა გალაშქრება?! რა, მას შემდეგ რამე შეიცვალა ამ ქვეყანაში?! არც არაფერი. გიორგი მართალია, მაგრამ მე რატომ ვურჩიე ადამინებთან შეგუება, როცა შესანიშნავად ვიცი, რომ მას არავინ მიიღებს? ალბათ მის მიმართ სიბრალულის გამო, თანაც ჩემს ფაქტორსაც ვანიჭებდი უპირატესობას, დედასავით ამოვუდგებოდი მხარში. მაგრამ საკმარისია კი ჩემი ფაქტორი ამ საქმეში?! ძალები რომ არ მეყოს და შუა გზაზე მომიხდეს მისი მიტოვება, ეს უკვე ტრაგედია იქნება. რა ვქნა? - გაიფიქრა მარგომ და ნახევრად თავდახრილ გიორგის კიდევ ერთხელ დააკვირდა. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ მისმა გონებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: - ბიჭი მართალია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებს უპატრონო ადამიანი. წესრიგის მხრივ კი საქართველოს ამჟამად რუსეთი სჯობია. იქ მეტი თავისუფლება და არჩევანია. გიორგი კი ჭკვიანია და მე მაქვს მისი იმედი.“ მარგო ფეხზე წამოდგა, სამზარეულოდან ხილით სავსე ლარნაკი გამოიტანა და გიორგის წინ დაუდგა. - მიირთვი შვილო, ისე გამოვითიშე საუბარში, რომ სულ დამავიწყდა რამის შემოთავაზება. გიორგიმ მადლობა გადაუხადა და ლარნაკზე მაღლიდან ლამაზად დადებულ მსხალს დასწვდა. - მაინც რომელ ქალაქზე გაქვს არჩევანი? - ჰკითხა მარგომ. - თუ წასვლაა, დიდი ქალაქი სჯობია, ალბათ, ლენინგრადი. - წყვეტილად წარმოთქვა ბიჭმა მსხლის ჭამის გამო. - ოოო... კარგი ადგილი ამოგირჩევია. - ღიმილით უთხრა ქალმა და დამძიმებული სიტუაციაც ნელ-ნელა განიმუხტა. - ჩავალ თუ არა, მოვეწყობი სასტუმროში და მაქსიმუმ ერთ კვირაში დავადგენ სად რა ქარხანაა და რა სამუშაო პირობები. შემდეგ იქ მივალ, სადაც მომეწონება და დავიწყებ მუშაობას. - მერე, აქ როდისღა ჩამოხვალ? - ჰკითხა მრავალმნიშვნელოვნად მარგომ. - როცა მექნება იმდენი შესაძლებლობა, რომ სხვას აღარ დავაკვირდე, როგორი თვალით მიყურებს. ორივეს გაეცინა. - მაშ, ეს უკვე გადაწყვეტილი გაქვს, შვილო? - სერიოზული სახით ჰკითხა ქალმა. - კი, დეიდა მარგო, ოღონდ ხელობაზე მომიწევს მუშაობა, ან ვაგონებზე. სულ ცოტა, ორასი მანეთი მაინც დამჭირდება: ოცდაათი-ორმოცი მანეთი მარტო შარვალში, ფეხსაცმელში და ხალათში მინდა. ხომ უნდა ჩავიცვა რაღაც, ასე მაწანწალასავით ხომ არ ვივლი. ახლა მატარებლის ბილეთიც მინდა. ასე რომ, ასი-ასოცი მანეთი ჩამყვება და სრულიად საკმარისია, რომ არ დავიკარგო. მარგო კიდევ ერთხელ დაფიქრდა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გიორგის აქ დარჩენას, თუნდაც ერთი თვით და მუშაობას, შეიძლებოდა მისთვის მიმართულება შეეცვალა და ეს დრო საბედისწერო გახდომოდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ ფულით თვითონ დახმარებოდა. მიეცა ისე, როგორც თავის შვილისთვის, რამეთუ მადლი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ყვავილობს. - გიორგი, შვილო, აი, ეს ფული, ორასი მანეთი. - გამოიღო მარგომ კარადიდან და წინ დაუდო. მსხლის ჭამაში გართულ გიორგის, ლუკმა ყელზე დაადგა და ძლივს ჩაყლაპა. შემდეგ დეიდა მარგოს შეხედა, რომელიც დედაშვილური, ალერსიანი თვალებით შესცქეროდა და ვერაფრით ვეღარ შეაკავა ცრემლები. - მე არ ვიცი, რა გითხრათ. - თქვა ბიჭმა, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. - ერთი ის ვიცი, რომ ამ სიკეთეს აუცილებლად ერთი-ათასად გადაგიხდით. - ჩემთვის სიკეთის გადახდა ის იქნება, შენ შეცდომას რომ არ დაუშვებ და არ მაფიქრებინებ, ამის სათავე მე ვარ-მეთქი. - რას ბრძანებ, დეიდა მარგო! - შემობრუნდა ბიჭი, რომელმაც ახლა-ღა შეამჩნია ცალკე მდგარ პატარა მაგიდაზე გაშლილი სურათები, რომლებიც ინსტინქტურად შეათვალიერა. - ჩემი შვილი და მისი ოჯახია. - უთხრა მარგომ, როცა დაინახა, რომ გიორგიმ მას ინტერესით გადახედა. - ექვსი წელია რაც წავიდა. - ქალი მაგიდას მიუხლოვდა და ფრთხილად მიასწორ-მოასწორა სურათები. გიორგიც მივიდა მაგიდასთან და ერთ-ერთი სურათი ხელში აიღო, საიდანაც ლამაზად ჩაცმული ქალბატონი შეჰღიმოდათ. - ეს არის ალბათ, არა? - ხელი დაადო სურათს. - კი - უთხრა მარგომ და გიორგის სიბრალულით მოწოლილი ცრემლები, ცისანას გახსენების შემდეგ ვეღარც მან შეიკავა. - ამდენ ხანს... - ბიჭს ალბათ უნდოდა ეთქვა, რატომ არ ჩამოდისო, რასაც მარგო უმალ მიხვდა და გამოეპასუხა. - მას აქეთ ჩამოსვლის უფლება არ აქვს. მე კი, ამ გულით და ჯანმრთელობით, ვერ ვრისკავ მარტო წასვლას. და აი, გიორგის აზროვნებაში ბავშვურმა გულმა მთლიანად დაჯაბნა მისი ნაადრევად დაბრძენებული გონება, როცა აფიქრებინა, რომ ის წავიდოდა, იმუშავებდა, მოაქუჩებდა ფულს და დეიდა მარგოს გაგზავნას თვითონ უზრუნველყოფდა. ეს კი ცხოვრების დასაწყისშივე ამოქმედებული მიზანი იყო, რომელიც უკვე გამარჯვებას უდრიდა, რადგან თუ ახალგაზრდა კაცი აქედან იმისთვის მიდიოდა, რომ მხოლოდ არახელსაყრელ სიტუაციას უნდა გარიდებოდა, ახლა მას ტრიუმფით დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. *** ორი დღის შემდეგ მატარებელმა საქართველოს დედაქალაქიდან რუსეთისკენ აიღო გეზი. მასში გიორგი იჯდა და უწინდელივით ნაღვლიანად გასცქეროდა უკან დარჩენილ ბუნებას. იყო დრო, როცა მატარებელი ინტერნატისკენ მიაქანებდა. მაშინდელი სევდა დიდად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, რადგან მას არ ახლდა იმედი. იმედი, რომლის გარეშეც უხალისოდ მოსჩანს ყოველგვარი ადამიანური ბედნიერება. ჰორიზონტზე გამოჩნდა ლენინგრადი - რუს არისტოკრატთა აკვანი. პეტრე პირველის აშენებული ქალაქი ნევაზე. მსოფლიოს უმშვენიერესი ქმნილება, მუზების აღმძვრელი ძეგლებით და შენობებით. ეს ქალაქი მშვიდობით მიიღებს სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ პატარა გიორგის, მისცემს ცხოვრების საშუალებას და გულში ჩაიხუტებს. ორი კვირის შემდეგ დეიდა მარგოსაც გაუგზავნის დეპეშას და ამცნობს, რომ კარგად მოეწყო და მუშაობაც დაიწყო. ასე გაივლის თერთმეტი წელიწადი და ოცდაშვიდი წლის კაცი სამშობლოში დასაბრუნებლად უკვე მზად იქნება. *** თბილისის აეროპორტში მსუბუქად დაეშვა რუსული ავიალაინერი. კარების გაღებისთანავე ხალხმა იწყო კიბეზე ჩამოსვლა. მგზავრთა შორის აშკარად გამოირჩევა უკანასკნელი მოდის კოსტიუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი ახალგაზრდა, პატარა შავი ჩემოდნით ხელში. მას აეროპორტის გასასვლელ კარებშიც გზა დაუთმეს და არც ტაქსების გაჩერებასთან შექმნია პრობლემა, რადგან როგორც კი გარეთ გადგა ფეხი, მაშინვე კერძო ტაქსის მფლობელთა გარემოცვაში აღმოჩნდა. - მე სხვა ქალაქში მინდა წასვლა, ცოტა შორ გზაზე! - გამოაცხადა ელეგანტურად ჩაცმულმა მგზავრმა. - პრობლემა არ არის! - თითქმის ერთხმად დაიძახა რამდენიმე მძღოლმა. ხუთი წუთის შემდეგ გიორგი ახალთახალი მანქანის უკანა სავარძელზე თავისუფლად გადაწოლილიყო და ფიქრს მისცემოდა. მისი მთელი ცხოვრების მანძილზე მას არსად, არასოდეს არავინ ელოდა და არც არავის მონატრებია როდისმე. ის დაბადებიდან დღემდე მარტო იყო, თუ არ ჩავთვლით იმ ახლადშეძენილ მეგობრებს, რომლებსაც, უბრალოდ, არ შეეძლოთ გაეგოთ მისი წარსული ისე, როგორც თვითონ განიცდიდა მის არსებობას. მაშ, საით მიიჩქაროდა ასეთი გახარებული თუ მას არავინ ელოდა? ის მიდიოდა ადამიანთან, რომელმაც გაუღვივა სიკეთის გრძნობა, აჩვენა სიმამაცის მაგალითი, გამოსტაცა ცხოვრების საშინელ მღელვარებას და დაუსახა მიზანი. დიახ, ის მიდის დეიდა მარგოსთან, რათა გადაუხადოს მადლობა. ეჩვენოს თავად, როგორც შედეგი მისივე ძალისხმევისა და გააკეთოს მისთვის ყველაფერი, რაც მას სჭირდება, თუნდაც ეს იყოს მთელი ქვეყნიერების შემოვლა. დაბადების ადგილს მიახლოვებული, აჩქარებული გულით შეათვალიერებს შენობებს და იგრძნობს, რომ დღეს ყველაზე ბედნიერია, რადგან აქ ჩამოვიდა იმ ვალის დასაბრუნებლად, რასაც სიცოცხლის ვალი ჰქვია. მანქანა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შევიდა და სადარბაზოსთან გაჩერდა. იქიდან კაცი გადმოვიდა, რომელსაც უმალ გადმოჰყვა მძღოლი და მანქანიდან გადმოღებული მოზრდილი ჩანთა და შავი პატარა ჩემოდანი მოწიწებით მიაწოდა. გიორგიმ მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და თავისი სახლის დამტვერილ ფანჯრებს ახედა. ცოტა ხანს ასე უყურა. შემდეგ ეზოს გადახედა იქით-აქეთ და სანამ სადარბაზოსკენ დაიძვრებოდა, მეოთხე სართულიდან ქალის გამყივანი ხმა მოისმა: - დედა, ჩემი სიკვდილი, ჩვენი გიორგი დაბრუნდა! ერთი წუთი გაჩერდი, შვილო, დამიცადე, არ წახვიდე, ახლავე მოვდივარ! გიორგიმ მეზობელი რა თქმა უნდა იცნო. ეს ის ქალი იყო, რომელიც მის წინააღმდეგ ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა და სხვებზე უფრო მეტად სძულდა ინტერნატის ბავშვი. ქალის ასეთ შეყვირებას და შემდეგ ეზოში ატეხილ ხმამაღალ შეძახილებს - როგორ გაზრდილხარ და როგორ დამშვენებულხარო, სხვა მეზობლებიც გამოეხმაურნენ და ორიოდე წუთში გიორგის გვერდით თითქმის მთელმა სამეზობლომ მოიყარა თავი. მისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად მისული ამ ხალხიდან, ისინი გამოირჩეოდნენ, რომლებმაც თერთმეტი წლის წინ, ზუსტად აი, ამ ადგილას, ინტერნატიდან დაბრუნებული, გაცვეთილი ტანსაცმლით და ძველი ჩემოდნით ხელში ვერ იცნეს. უყურებდა გიორგი ემოციით აგორებულ ადამიანთა ერთობლივ გორგალს და ფიქრობდა: „რა ბუმბერაზი ყოფილა დეიდა მარგო, მისი კეთილი ბუნების შეცვლა, არანაირ გარემოს რომ არ შესძლებია“! - აბა, ჩემო მეზობლებო, - მიმართა მგზავრობით დაქანცულმა კაცმა. - მე ჯერ- ჯერობით აქ ვიქნები, არსად მივდივარ. კიდევ შევხვდებით. თითქმის ყველა აგერ ხართ, - დაკვირვებით გადახედა მათ, - და თქვენში დეიდა მარგოს ვერ ვხედავ! - მარგო სამი დღეა გარეთ აღარ გამოდის, დიდ სამზადისშია. ცისანა ჩამოდის ხვალ ისრაელიდან. - ყველას დაასწრო ერთ-ერთმა ქალმა. გიორგის ბედნიერება გაუათმაგდა, მარგოს ფანჯრებს შეავლო წამიერად მზერა და სადარბაზოში შევიდა. იმ საღამომ და ღამის დიდმა ნაწილმა მძიმე ფიქრებით მოამარაგა ამ ჩარაზული სახლის თერთმეტი წლის უნახავი მკვიდრი. კითხულობდა დედის წერილს და იხსენებდა თავისი ბავშვობის წლებს. ერთმანეთს ადარებდა წარსულსა და დღევანდელობას და ცხოვრების ასეთ საშინელებას ცრემლებით პასუხობდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ბედნიერი იყო, რადგან მისი გულის გაღიზიანება, ადამიანთა სახეებს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, აღარ შეეძლოთ. ახლა საფიქრალი რჩებოდა ერთი რამ, როგორ მისულიყო დეიდა მარგოსთან. ის ფიქრობდა, რომ ჩვიდმეტი წლის შვილის მომლოდინე დედისთვის, არ გაეწყვიტა მოლოდინის ძაფი და ეცლია მასთან ბედნიერი შეხვედრა. შვილის სიყვარულით გულს რომ იჯერებდა და იმ გარდასული დროის კომპენსირებას როცა ნაწილობრივ მაინც მოახდენდა, მაშინ მივიდოდა ისიც და უფრო მეტ სიხარულს მიანიჭებდა არა მარტო დეიდა მარგოს, არამედ დედა-შვილს ერთად. მან გადაწყვიტა ასე და მოუთმენლად დაელოდა, როგორც ცისანას ჩამოსვლას, ასევე იმ დროს, როცა თვითონ მივიდოდა მათთან. მეორე დღეს, საღამოს, ხალხი დარაზმულივით იდგა მარგოს სადარბაზოს წინ და უცხო მანქანის გამოჩენას ინტერესით ელოდა. გიორგი ამ ყველაფერს საკუთარი ფანჯრიდან ადევნებდა თვალს და როცა დაიძახეს მანქანა გამოჩნდაო, თვითონაც სწრაფად გაეშურა იმ ადგილისკენ. მანქანა მართლაც მალევე შემოვიდა ეზოში, რომელსაც ადამიანებმა სადარბაზოსკენ მისასვლელი გზა გაუნთავისუფლეს. ახალი შეღამებული იყო, როცა ცისანამ ჩვიდმეტი წლის შემდეგ კვლავ დაადგა იმ სახლის წინ ფეხი, სადაც თვითონ გაიზარდა. მან წამიერად გადაავლო თვალი მის ირგვლივ შეკრებილ ხალხს, მისალმების ნიშნად თავი დაუკრა მათ და სადარბაზოსკენ წავიდა, სადაც თავის კარებთან, კიბის თავში ცრემლგამშრალი დედა ელოდებოდა. მარგოს ქალიშვილმა, როგორც კი პირველ საფეხურს დააბიჯა, ზევით აიხედა. მისი სხეული ისე უსწრაფესად გაქვავდა - კიბის სახელურს რომ არ ყოფილიყო მოჭიდებული, ძნელი იქნებოდა მისთვის წონასწორობის შენარჩუნება, რადგან ზემოდან წლების მიერ განადგურებული, დანაოჭებული და დაბერებული დედის სახე დასცქეროდა. მათ შორის მანძილი ორიოდე მეტრი თუ იქნებოდა, მაგრამ ვერცერთი მათგანი ერთმანეთისკენ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ეს ის მომენტი იყო, როცა ადამიანებს აშორებთ არა მეტრობით ათვლილი სივრცე, არამედ დრო. დროისგან წარმოქმნილი მონაკვეთი კი აუცილებლად უნდა დაფაროს გონებამ და შემდეგ სხეულმა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: დედა-შვილი, რომელთა წინაშეც ჩვიდმეტწლიანი ბარიერი აღმართულიყო, ერთმანეთს უყურებდნენ, - შვილს უნდა აღექვა დედა, როგორც უკვე მოხუცებული, ხოლო დედას- დაქალებული ქალიშვილი. მათი თვალების მიერ საოცარი სიჩქარით მცირდებოდა ცხოვრების უკუღმართობისაგან გაგრძელებული გზა. ამ მანძილის დაფარვა, დედის დაქანცულ გონებას შვილის ახალგაზრდა გონმა დაასწრო და შესძახა: - არ იტირო, დედა! ცისანამ კიბის საფეხურები სწრაფად აირბინა. მარგოს გულში დაგროვილმა უამრავმა ტკივილმა კი ერთნაირად ამოხეთქა და მისი ხორხიდან ღმუილის სახით ამოიჭრა, რომელსაც მხოლოდ ერთი სიტყვა ამოჰყვა: - შვილოოო! ისინი ერთმანეთს გადაეჭდნენ. მათ წარმოდგენაში გაუფერულდა და გაქრა ის კანონები, რომლებიც ადამიანთა სატანჯველად ოდესმე გამოუგონიათ სახელმწიფოების ბოროტ მთავრებს. ასევე, გაჩერდა დროც, რომელიც მარათონივით მიიზლაზნებოდა და დასასრული არ უჩანდა. ახლა უკვე აღარ არსებობდა მიწიერი ძალა, მათი სიყვარულის წინააღმდეგ ლაშქრობა რომ წამოეწყო. უკან დარჩა მონატრების მთელი ეპოქა, რომელსაც სიხარულის ცრემლი სამუდამოდ მიაცილებდა. დედა-შვილი, რომლებიც ვეღარ ძღებოდნენ ერთმანეთის ფერებით, ძლივს მოეგნენ გონს და სახლში შევიდნენ, ხოლო გარეთ დარჩა სიძე მარგოსი. ის იდგა სადარბაზოს წინ მდგარ მანქანაზე დაყრდნობილი და ამ გულის ამაჩუყებელ სცენას ბოლომდე დაკვირვებით ადევნებდა თვალს. როცა ისინი სახლში შევიდნენ, მეზობლების მთელი ყურადღება მასზე გადავიდა. კაცმა ეს იგრძნო და გაუხერხულდა. შემდეგ თითქოს სადარბაზოში დააპირა შესვლა, მაგრამ გადაიფიქრა და როცა ეზოში ცოტა მოშორებით მდგარი გრძელი ხის სკამი შენიშნა, მისკენ გაემართა. ხალხი, თუ აქამდე გარინდებული უყურებდა თავიანთვის საინტერესო სიახლეს, ახლა ჯგუფ-ჯგუფად მიმდგარნი, შედარებით ხმამაღლა ცდილობდნენ გამოეხატათ სიხარული მარგოს ოჯახთან ერთად. ასე ხდება ყოველთვის: თუ კაცს უბედურება დაატყდება თავს, ადამიანები დახმარების მაგივრად, ასჯერ მეტ მწუხარებას მოახვევენ. მაგრამ თუ ვინმეს ბედმა გაუღიმა და ბედნიერება ეწვია, ყველა მისკენ გარბის ამის გასაზიარებლად. ასე რომ, გასაკვირი სულაც არის მათი თავშეყრა მაშინ, როცა ისინი არავის სჭირდება. ის დღეც გასრულდა როგორც იქნა და მეზობლებიც დაიშალნენ; გიორგიც წავიდა გახარებული და აღფრთოვანებული; ცისანას მეუღლემაც გამოზომა დრო და შედარებით დამშვიდებულ დედა-შვილს შეხვედრა მიულოცა. ქუჩის სიხარული უფერულად ჩაინავლა. გარეთ ერთი კაციც აღარ მოსჩანდა. სამაგიეროდ, პირველი სართულის ფანჯრების შიგნით, ბედნიერება კულმინაციური ფორმით, კიდევ რამდენიმე დღეს იზეიმებს. ქალაქის ცხოვრება ნელ-ნელა ცხრებოდა და ძილში ეშვებოდა. კორპუსებში ალაგ- ალაგ დარჩენილი შუქებიც გამორთეს. მხოლოდ ერთი სახლის ყველა ფანჯარაში იდგა ნათელი, სადაც დივანზე თავისუფლად მჯდარ დედას, შორი გზიდან დაბრუნებული შვილის თავი მკერდზე მიეხუტებინა და მისი ალერსით ტკბებოდა. - დედა! - ჩუმად ამოთქვა ცისანამ. - რაო, ჩემო შვილო! - უთხრა მარგომ და კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი თმებზე. - ის გამახსენდა, აი, იმ პატარა მაგიდაზე, სკოლის ფორმას რომ მიუთოვებდი. - ხო, ჩემო პატარა. - გამოეპასუხა დედა და ცრემლიანი თვალები უკვე მერამდენედ გამოიმშრალა. - დედა, მე გამუდმებით ვფიქრობდი იმაზე, - თავი ფრთხილად წამოსწია ცისანამ და დედას შეხედა. - შეცდომა ხომ არ დავუშვი, როცა ისრაელში წამოვედი-მეთქი. ამ სიტყვებმა მარგოს გონება ერთიანად შეაზანზარა და ჩვიდმეტი წლის გადავლილ ეპიზოდებში გასტყორცნა, სადაც არ დააყოვნა გარდაცვლილი დედის მაშინდელმა იდუმალმა ხმამ, როცა ის შვილს არიგებდა და ეუბნებოდა, რომ ქალიშვილის ნამოქმედარი გმირობად მიეღო და მასზე არასოდეს ეტირა, რადგან გმირობას ზეიმობენ და არა გლოვობენ. მარგომ საბოლოოდ გადაიწმინდა სახე ცრემლებისაგან, შვილს მხრებზე ხელი შემოსდო და უთხრა: - ჩემო შვილო, ჩემო ცისანა! ჩვენი ერი ოცდაექვსი საუკუნეა დედამიწაზე მიმოფანტულად ცხოვრობს, რადგან დავკარგეთ ის აღთქმული მიწა, რასაც სამშობლო ჰქვია. ეს ისტორიისთვისაც კი უდიდესი დროა, არათუ თაობებისთვის და მითუმეტეს, ერისთვის. ამ ხნის განმავლობაში ებრაელთა ხვედრი იმდენად მწარე იყო, რომ მას არანაირი მიწიერი ტრაგედიები არ შეედრება. ჩვენ ამას გავუძელით და სიხარულით მოვედით დღემდე. ამ სიხარულს კი გვანიჭებს ერთადერთი რამ და ეს არის ჩვენი გენის უპირველესი კოდი. - მარგო წამიერად შეჩერდა, ინტერესით შემყურე შვილის თვალებს უფრო ღრმად ჩახედა და განაგრძო: - ჩვენ გადაგვარჩინა სიყვარულმა ერთმანეთისა და ადამიანების მიმართ. სიყვარულმა დაგვაბრუნა აღთქმულ მიწაზე და როდესაც შენ იქ მიდიოდი, ეს გრძნობა გამოძრავებდა, შვილო! ეს კი ყოველგვარ პირადულზე მაღლა დგას და შენც ისე მოიქეცი, როგორც საკუთარმა გენმა გიკარნახა. ამიტომ, შენი ნაბიჯი ჩემთვის საამაყოა და არა გასაკიცხი. ამ სიტყვების შემდეგ შვილმა ცოტა ხანს კიდევ უყურა დედას, შემდეგ მიეჭრა და გულზე მიეხუტა. სიძე, რომელიც თითქოსდა დამნაშავედ გრძნობდა თავს, ამის მოსმენისას ოდნავ მოღუშული სახე გაებადრა და გახარებული ლოჯიის ღია ფანჯრებისკენ წავიდა. იმ ღამით არცერთ მათგანს თვალი არ მოუხუჭავს. დილიდან კი მათ სახლში ნათესავების და მეგობრების დინება დაიწყო. მარგო მხოლოდ ღამით ახერხებდა შვილთან ყოფნას. უძილოს და დაღლილს ჩათვლემდა ათი-თხუთმეტი წუთით. შემდეგ გამოიღვიძებდა, გადახედავდა მის გვერდით მძინარე შვილს და ფრთხილად შეუსწორებდა გადასაფარებელს. თავს დასტრიალებდა, აღარ იცოდა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო, თუ ცხადი. მის სულში უდიდესი ტრიუმფი იყო, რადგან ჩვიდმეტი წლის წინ დასახული მიზანი უკვე დაძლეულად ითვლებოდა. გონების ერთი ადგილიდან კი მალ-მალე მოდიოდა აზრი-სიგნალი: `მიზანი მიღწეულია! მიზნის მიღწევასთან ერთად მთავრდება ცხოვრება! ცხოვრების დამთავრებასთან კი - სიცოცხლე!” - ეს სუსტი სიგნალი მარგოს სრულებითაც არ ანაღვლებდა, რადგან ცისანა მასთან იყო და მისი ხილვა ყოველგვარ არასასიამოვნო ფიქრებს ძალიან იოლად ანეიტრალებდა. ასე რომ, ბედნიერება გრძელდებოდა და მას ვერავინ და ვერაფერი ეღობებოდა წინ. სამი დღის გასვლის შემდეგ, როცა, ისე თუ ასე, ყველამ იჯერა გული ერთმანეთის სიყვარულით, ცისანამ დედას ისრაელში გადასვლა შესთავაზა. სანამ ამას ეტყოდა, მოუყვა თავისი ჩასვლის დღიდან დღემდე, თუ როგორ დაიწყეს და აგრძელებენ ცხოვრებას. აღუწერა აღთქმული მიწის ხიბლი და სილამაზე. საუკეთესო საცხოვრებელი პირობები და იდეალური გარემო. უთხრა ისიც, რომ მისთვის დიდი ხანია მოწყობილი აქვს ერთი ლამაზი ოთახი, რომელიც აქაური, თავიანთი ოთახის ანალოგიურია. გაუმხილა კიდევ ერთი რამ, რომ როდესაც დედა და საქართველო მოენატრებოდა, იმ ოთახში ჯდებოდა და ტიროდა. მარგო ამ შეთავაზებას რა თქმა უნდა ელოდა და ამისთვის მზადაც იყო. ის ფიქრობდა, რომ შვილისთვის გადაჭრილი პასუხი არ ეთქვა და ამით გაეხანგრძლივებინა დრო, შვილთან ერთად საქართველოში ყოფნისა. ამის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი რამ იცოდა, რომ მეტი შანსი გამგზავრებაზე უარის თქმას ეკუთვნოდა. მიზეზი მარტივი იყო: საქართველოში დაბადებული, გაზრდილი და დაბერებული ადამიანისთვის, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გარემოს შეცვლა დამღუპველია. ასეთ შემთხვევაში, გარემოგამოცვლილი ადამიანების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დიდხანს ვერ გაატანს. ეს შესანიშნავად იცოდა მარგომ და ამიტომ არ ჩქარობდა პასუხის გაცემას. ხოლო, როცა შვილმა უკვე საბოლოოდ დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობდა მისი საყვარელი დედიკო ამის თაობაზე, დედამ ფიქრისთვის ერთი დღე კიდევ გაიხანგრძლივა. ცისანამ სავარძელში მჯდომ მარგოს აკოცა და უთხრა, რომ მეგობრებთან და კლასელებთან ერთად სტუმრად მიდიოდა. დამთავრდა ბედნიერების კულმინაციის დრო და დგებოდა მომენტი, როცა არჩევანი უნდა ასულიყო აზროვნების უმაღლეს მწვერვალზე, რათა გადაეწყვიტა ქალის ბედი, და ეს ქალი იყო მარგო. წუთები მიწიკწიკებდა და მისი გონება იძულებით მიჰყავდა გადაწყვეტილების გამოსატანად. იჯდა ამდენი სიხარულის შემდეგ ოდნავ სევდამორეული სახის მოხუცი ქალბატონი და ერთ წერტილზე გაეჩერებინა თვალი. თავისი სიცოცხლის მანძილზე ის ყველაზე დიდი დილემის წინაშე იდგა, რადგან სასწორის ერთ მხარეს იყო საუკუნეების განმავლობაში დაკარგული და ნაოცნებარი სამშობლო მის ერთადერთ შვილთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს მიწა, რომელსაც თითქმის შვიდი ათეული წელია უყურებს და ამავე დროს, მასზე დავანებული მშობლების საფლავები, რომლებიც მარგოს წასვლის შემდეგ, უპატრონოდ დარჩებიან. აი, ეს ჰქონდა გონებაში გადასაწყვეტი და ამას ერკინებოდა. ცისანას წასვლიდან ერთი საათი მაინც იწვალა ასე და უძინარს და დაღლილს სავარძელშივე მოერია ძილი. ამ ძილში მან ხილვასავით სიზმარი ნახა: „ის იდგა დიდი მდინარის შუაგულში, მიწის მომცრო ნაგლეჯზე, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაეტეოდა. მდინარეს წყალი ემატებოდა და მის სიცოცხლეს საშიშროება ექმნებოდა. ორივე ნაპირს ერთნაირი მანძილი აშორებდა და ამიტომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, საიდან უხმობდა მშველელს. მან ჯერ ერთი ნაპირისკენ გაიხედა და დაინახა უცხო ხალხი, რომელთაც ყვირილით ამცნო თავისი გაჭირვება. მერე გამოხედა მეორე ნაპირს. იქაც იყვნენ ადამიანები, მაგრამ მისთვის გასაკვირი ის აღმოჩნდა, რომ მათ შორის შეამჩნია გარდაცვლილი მშობლები, რომლებიც ეძახდნენ - ნუ გეშინია, გიშველითო. მარგოს იმედი მიეცა და მათთვის თვალი აღარ მოუცილებია. ამ დროს იმ ხმელეთზე აღმოცენება იწყო ხემ, რომლის ფესვებმაც ნაპირზე მიწა გამოარღვიეს და წყალში შემოვიდნენ. მარგომ ამას ყურადღება არ მიაქცია და ჩათვალა ჩვეულებრივ მოვლენად. გულისყური კი ისევ მშობლებისკენ ჰქონდა მიმართული. სწორედ იმ ხის აღმოცენებისას, წყლის შუაგულში მდგომისთვის შეუმჩნეველი დარჩა ის, რომ მდინარის მეორე ნაპირზეც აღმოცენდა იგივე ხე და მისი ფესვებიც წყალში შემოვიდა. მდინარეს კი წყალი ემატება და სულ ცოტა ხანში დაფარავს ამ პატარა კუნძულს. კოჭები შეუსველდა და უნებლიედ ფეხებზე დაიხედა. მიშველეთ! - ყვიროდა მარგო. მშობლები ნაპირიდან აფრთხილებდნენ, რომ გამაგრებულიყო, რადგან მშველელი უკვე მისკენ მოიჩქაროდა. წყალი მუხლებზე შემოადგა ქალს და სადაც არის მიწას გამოაცლის ფეხებიდან. საშველი ჯერ-ჯერობით არ ჩანს და მდინარის დონე კი მაღლა მიიწევს. აგერ თეძოებს შემოჰკრა ტალღამ და შეატორტმანა, ცოტას დააკლდა რომ არ გაიტაცა აქაფებულმა მდინარემ. და, როცა თითქმის საშველი აღარ არსებობდა, ამ დროს წელზე რაღაც შემოეხვია. მარგო შეკრთა და დაბლა დახედა, - მას მეორე მხრიდან მოსული ფესვი შემოეჭდო ტანზე, რასაც მოჰყვა ქუხილის მსგავსი ხმა: “მოდი, შვილო, მე შენ ოცდაექვსი საუკუნეა გელი!” - ხმა გაქრა. ის ჯერ კიდევ მიწაზე იდგა, მაგრამ წუთი-წუთზე ისიც გამოეცლებოდა, რადგან წყალი ნახევარ სხეულს უფარავდა. უეცრად მშობლების მხრიდან მოსული ფესვიც შემოეხვია ტანზე და მიწაც მალევე გამოეცალა ფეხებიდან. ეს ორი მხრიდან მოსული ფესვები მარგოს სხეულზე შემოჭდომის შემდეგ, ერთმანეთს გადაეხლართნენ და მაღლა აზიდეს ერთი შეხედვით განწირული ქალი. დაბლა მიჰქუხდა აბობოქრებული მდინარე, ხოლო მის თავზე გადაჭიმული ფესვების ცოცხალ ხიდზე იდგა ადამიანი, რომლისთვისაც უკვე ყველაფერი ნათელი იყო: მიწა, რომლიდანაც პირველად მოიჭრა მის საშველად ფესვი და სადაც ვერ იცნო ადამიანები, ის მისი ისტორიული სამშობლო ისრაელი ყოფილა; ხოლო მეორე, სადაც დაინახა მშობლები და საიდანაც მეორე ფესვი ამოიმართა მისკენ, ეს საქართველოს მიწა-წყალი აღმოჩნდა. მაშ, ორივე ქვეყნის მიწას ერთნაირად უზრუნია მის გადასარჩენად, მაგრამ წამით მაინც დაასწრო დედამ ძვირფას დედობილს. ასეა თუ ისე, რომ არა ორივე ფესვი, ის ხიდი არ იქნებოდა, სადაც ახლა დგას მარგო და აქეთ-იქით სიამოვნებით გასცქერის ხელისგულივით გადაშლილ ბუნებას. დაბლა კი ისევ გრგვინავს ადიდებული მდინარე, მაგრამ მარგოს მისი შხეფებიც კი ვერ სწვდება~. ასე ლამაზად დამთავრდა მისი ხილვა და ასევე მშვიდად გამოეღვიძა. გამოღვიძებისთანავე მიხვდა რაც ნახა და უკვე ცხადში შეუდგა მის გაანალიზებას. ერთი ის იყო, რომ მას გამუდმებით ესმოდა ხმა, რომელიც პირველი ფესვის შემოხვევისას გაიგონა. სწორედ ამის გამო, თავი დამნაშავედ იგრძნო თავის ისტორიული სამშობლოს წინაშე და გადაწყვიტა, რომ შანსი, რომელიც ახლა მას ჰქონდა, აღთქმული მიწის მონახულებისა, მისი შორეული თუ ახალი წინაპრები მხოლოდ ოცნებობდნენ ამაზე. ამიტომ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო ყოველი ებრაელის ვალი, ერთხელ მაინც ენახა, მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ - სამშობლო! მარგო ფიქრობდა რომ უნდა წასულიყო, თუნდაც ჩასვლისთანავე მომკვდარიყო, მაგრამ რჩებოდა კიდევ ერთი პრობლემა - მშობლების საფლავი. მან დედის სურათს შეხედა და ფეხზე წამოდგა. ნამდვილად რაღაც გადაწყვიტა. ცისანას მაგიდაზე წერილი დაუტოვა, რომ გვერდით კორპუსში გადადიოდა და კარები გამოიხურა. გარეთ დაღამებულიყო და უძლიერესი ქარი ანგრევდა არე-მარეს. ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაში გამოჩნდა ქალი, რომელიც მხრებგაშლილი მიაპობდა ჰაერის ნაკადს და ყურში საერთოდ არ ჩაესმოდა მისი ზუზუნი. მას ერთი აზრი ჰქონდა - მისულიყო იმ ადგილზე, სადაც საბოლოოდ გადაწყვეტდა თავის ბედს. თხუთმეტი წუთის შემდეგ ის უკვე მშობლების საფლავთან იდგა. ირგვლივ ბნელოდა, მაგრამ მარგო მაინც არჩევდა მარმარილოს ქვებზე გამოსახულ მშობელთა სახეებს. საფლავი გზასთან ახლოს იყო და ჭადრის ტოტებში შემალული ლამპიონის შუქი წყვდიადს მხოლოდ ოდნავ ჭრიდა. ქალი ჩაიმუხლა და მკრთალად მობრჭყვიალე ცივ ქვებს ხელი გადაუსვა. - ჩემო საყვარელო მშობლებო! - აღმოხდა ჩურჩულით, - თქვენთან მოვედი იმისათვის, რომ გამოგთხოვოთ ნება ისრაელში გამგზავრებისა, რამეთუ ჩემი იქ წასვლა ნიშნავს თქვენს უპატრონოდ მიტოვებას. მე ამ საფლავს ფეხს ვეღარასოდეს დავადგამ და ვეღარ მოვეფერები მიწას, რომლის ქვეშაც თქვენი ძვლებია ჩასვენებული. ვეღარ მოვალ აქ სასიხარულო ამბების მოსატანად და თუნდაც საიდუმლოს გასამხელად. საფლავზე დაჭკნება ყვავილები და აღარ გეყოლებათ მისი დამრგველი თუ მომტანი. მეორე მხრივ მეძახის სამშობლო, რომლის ხილვა თქვენი მთელი ცხოვრების ოცნებაც იყო. ამ დროს უძლიერესმა ქარმა დაუბერა და ჭადრის ტოტები კინაღამ გადაამტვრია. მასში მოქცეული გაბრდღვრიალებული ლამპიონის შორიდან მოჭრილმა შუქმა წამიერად გაანათა სასაფლაო. ამ მომენტში მარგო ქვაზე გამოსახულ დედის სურათს შესცქეროდა. უეცრად დედის სახე გასხივოსნდა, რასაც მოჰყვა მისივე თვალების მოხუჭვა და ღიმილი. ასე აღიქვა შვილმა წამიერად განათებული ადგილიდან მშობლის გამომეტყველება და ეს ჩათვალა მან თანხმობად. ერთხელ კიდევ დაემხო ქვებზე აღბეჭდილ მშობელთა ცივ გამოსახულებებს და თვალცრემლიანმა დატოვა იქაურობა. სახლში რომ მივიდა, ცისანა ერთობ შეწუხებული და შეშფოთებული დახვდა. - ნამტირალევი თვალები რატომ გაქვს, დედა? - სიხარულის ცრემლებია, შვილო. შენი ჩემთან ყოფნა იმდენად მიხარია, რომ ვეღარ ვაკავებ და რა ვქნა?! - უთხრა ღიმილით და მკერდზე მიიკრა თავისი ქალიშვილი. ცისანას გულზე მოეშვა და სკამზე ჩამოჯდა. მარგომ ხელ-პირი დაიბანა და ოთახში შემოსვლისთანავე უთხრა შვილს: - დილიდან შეუდექი საბუთების გამზადებას, რასაც არა მგონია, ორ დღეზე მეტი დასჭირდეს. ეს ერთი, - თქვა და სავარძელში ჩამოჯდა. - მეორე: როგორ გადავწყვიტოთ ამ ბინის ამბავი, გავყიდოთ, თუ? - შენ როგორ გინდა, დედა? - უკვე სიხარულით შესცინა ცისანამ. - როგორც შენ გინდა, ისე გავაკეთოთ. ისიც მინდა იცოდე, რომ ამ სახლის ფული ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს და ამიტომ, შენი შეხედულებისამებრ გადაწყვიტე. - ინიციატივა მისცა დედას, რადგან მიხვდა, რომ მას რაღაც სურდა. - თუ ასეა, ჩემო შვილიკო, ეს ბინა გვერდით მეზობლებს ვაჩუქოთ. ორი ოჯახი ცხოვრობს ერთად, ვიწროდ არიან. ისეთი კარგი რძალი ჰყავთ, ჩემი მარტოობის პერიოდი, იმან გადამატანინა. ცუდად რომ ვიყავი, ღამით ბავშვებს ტოვებდა და ჩემთან რჩებოდა. ალალია მასზე. - როგორც შენ ინებებ, დედა. მე მზად ვარ შენს ყოველ გადაწყვეტილებას დავეთანხმო, რადგან შენ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ ამ ქვეყნად. მარგოს ძალიან გაუხარდა და უთხრა: - ახლა დავიძინოთ, შენც დაღლილი ხარ და მეც. დილიდან კი შევუდგეთ საქმეს და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველაფერი. გავიდა რამდენიმე დღე. ბინა გაჩუქებულია, საბუთები გამზადებულია და თვითმფრინავის ბილეთები აღებული. ისინი ხვალ დილას მიფრინავენ, ახლა კი საღამოს ხუთი საათია. ცისანა და თავისი მეუღლე გამოსამშვიდობებლად უვლიან ნათესავებს და მეგობრებს. სახლში მხოლოდ მარგოა დარჩენილი. ის ოთახში დადის და ეფერება ყველა იმ ნივთს, რომელსაც ათეული წლები შესცქეროდა და რომლებთან ერთადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. კარადის თავს გახედა, იქ აღარ დევს დედის სურათი, რადგან ასეთი ნივთები, წასაღებად გამზადებულ ჩანთებშია ჩალაგებული. „ნეტავ შეიძლებოდეს ამ სახლის და მთლიანად ამ კორპუსის გადადგმა ისრაელში!“ - გაიფიქრა მარგომ და სინანულით თავი გააქნია, რასაც მოჰყვა კვლავ ცრემლი და ცრემლი. ყველაფერს მოეფერა, ყველაფერს მოესიყვარულა. კედლებს, კარებებს, ფანჯრებს ხელები გადაუსვა და ზედ მიეკრა. არ დარჩენილა ნივთი, ის არ შეხებოდა და არ მოლამუნებოდა. მან იცოდა, რომ ხვალიდან მათ ხილვას ვეღარასოდეს შეძლებდა. მკვდარივით მილასლასდა და ჩაჯდა იმ სავარძელში, სადაც წაიკითხა ისრაელიდან მოსული ცისანას პირველი წერილი. თავისუფლად კი გადაწვა, მაგრამ რაღაც უსიამოვნო ფიქრის ნაპერწკალმა შეუჭმუხნა სახე. რა იყო ეს? ნუთუ კიდევ რჩებოდა საქართველოში რაიმე ისეთი, რაზედაც არ უფიქრია?! „ნეტავ რა მრჩება გასაკეთებელი?“ - კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და შუბლშეკრულმა გააგრძელა ფიქრი. დიდი ხანი არ დასჭირვებია მის გონებას, მიეგნო თავის სავანეში გადამალული ამ აზრის ბუდესთვის და ამოეხსნა მისი განზრახვა. მარგოს უფრო მეტად მოეღუშა სახე, რადგან მიხვდა, რომ გასაკეთებელი რჩებოდა ერთი რამ - როგორ გამოეხატა მადლიერების გრძნობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც დაიბადა და დაბერდა. მას სულ ათი წუთი დასჭირდა, თვალი გადაევლო ბავშვობიდან დღემდე განვლილი წლებისთვის და გაეხსენებინა ყველა და ყველაფერი. მის გონებაში უსწრაფესად გადაირბინეს მისი კლასელების, მეგობრების, თანამშრომლების და თანაქალაქელების სახეებმა. ისინი, რომლებიც დააკავშირა ცხოვრებამ და, რომლებთანაც მთელი სიცოცხლე გაატარა. ყოველივე ამის შემდეგ, ის ადგეს, უჩუმრად წავიდეს და არ უთხრას მათ, რომ სიყვარული, რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ, ამისათვის მადლიერია?! „რა იქნება ჩემი აქედან ასე ჩუმად წასვლა? დაუნახაობა ადამიანებისა, ვისაც ვუყვარდი და მიყვარდა. ეს კი უმადურობის გამოხატვაა იმ ქვეყნის მისამართით, სადაც მე მთელი ცხოვრება გავატარე. მაშ, რა ვქნა? როგორ გამოვხატო სიყვარული და მადლიერება, რომელიც ყოველთვის იყო ჩემი კრედო? ახლა, სადაც არის, დაღამდება. დილით კი ადრე უნდა გავიდეთ. რა ვქნა? რა მოვიმოქმედო? რა გავაკეთო?“ - ფიქრობდა მარგო და ყველაზე განსახვავებული ტანჯვით იტანჯებოდა თავისი ცხოვრების მანძილზე. მან ძალიან დიდხანს იწვალა, თითქმის რამდენიმე საათი, მაგრამ დროის სიმცირეზე დამოკიდებულობისა გამო, ვერანაირ გამოსავალს ვერ მიაგნო. მის ცხოვრებაში მიმდინარეობდა ყველაზე საშინელი წუთები, როცა მას არანაირი გამოსავალი აღარ რჩებოდა. ცისანა კიბეებზე ხმამაღალი ლაპარაკით და სიცილით ამოდიოდა, მაგრამ მარგოს ეს არ გაუგია, რადგან გულში უეცარმა ტკივილმა გაუარა. თითქოს სხეულიც მოუდუნდა და ნელ-ნელა კრიჭაც ეკვროდა. - რა მოგივიდა, დედა! - შესძახა ოთახში შემოსულმა ცისანამ, როცა სავარძელზე ასეთ ფორმაში მისვენებული დაინახა. მარგომ შვილს ერთი ახედა და უკანასკნელი სიტყვები ლუღლუღით-ღა ამოთქვა: - ჩემო საყვარელო, შვილო, მაპატიე, ვერ შევძელი... - ეს იყო მისი ბოლო სასიყვარულო ფრაზა შვილის მიმართ. ათი წუთის შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმებმა გარდაცვალება დააფიქსირეს. ამ კედლებში უდიდესი სიხარულის შემდეგ, დიდმა მწუხარებამ დაისადგურა. დადგა მარგოს დაკრძალვის დღე. ეზოში გამოასვენეს მიცვალებული. ყველა გულით ტირის. ისინიც კი, რომლებიც მისი მწარე პერიოდის დროს, მასზე ჭორაობით იქცევდნენ თავს. აგერ სადღაც კუთხეში ლავრენტიც მიმდგარა და ტურასავით აფახულებს თვალებს. ისეა თუ ასე, ადამიანები დასტირიან მარგოს, რადგან ის მაინც იციან მათ, რომ მისი ტრაგედია, გამორჩეულია ტრაგედიათა შორის. ამ ხალხში დგას ერთი ახალგაზრდა კაციც, რომელიც განსაკუთრებულად განიცდის. მის თვალში ცრემლი კიაფობს და რატომღაც თავის გონებაში ბრალს სდებს საკუთარ თავს. ეს გიორგია, მარგოსთვის საყვარელი ბავშვი, რომელიც რუსეთიდან სწორედ დეიდა მარგოსთან მოიჩქაროდა, მაგრამ რატომ ვერ გადაწყვიტა მასთან რამდენიმე დღით ადრე სტუმრობა, ამიტომ კიცხავდა საკუთარ თავს. ის ვერასოდეს შეეგუება ამ შეცდომას და იფიქრებს, ძალიან ბევრს იფიქრებს იმაზე, თუ რით გადაუხადოს მადლობა მას, თუნდაც სიკვდილის შემდეგ. ის აუცილებლად მოიფიქრებს ამას, მაგრამ მანამდე მან მარგოს ცხედართან ახლოს მყოფი ერთი ჭაღარა კაცი დალანდა, რომელიც თითქოს ეცნო. დიდხანს უყურა და ბოლოს მაინც ამოიცნო. ეს იყო მისი მეხუთე კლასის ზაფხულის არდადეგების სამარადჟამო მოგონებებში დარჩენილი ჟორა ბიძია. გიორგი მისკენ გაემართა. თუ შეიძლება, ერთი წუთით! - უთხრა ჩუმად, მკლავში ფრთხილად გამოსდო ხელი და ზრდილობიანად გვერდით გაიხმო. ჟორა კარგად დააკვირდა ელეგანტურად ჩაცმულ ახალგაზრდას, მაგრამ ვერაფრით გაიგო, ვინ იყო. - მაპატიე, შვილო, ვერ გიხსენებ! - გაკვირვება გამოეხატა სახეზე და დაელოდა მისგან პასუხს. - ჟორა ბიძია, წლების წინ, მას შემდეგ თხუთმეტი-თექსვმეტი წელი იქნება გასული, თქვენთან საწყობში ვმუშაობდი. მე გიორგი ვარ. - გიორგი?! - გაოცებისაგან პირი დააღო კაცმა და უცბად გადმოერთო მარგოს სიკვდილით გამოწვეული მწუხარებიდან. - დიახ, მე გიცანით, ხომ იცით პატარებს უფრო ამახსოვრდებათ დიდები, მითუმეტეს, როცა ისინი კეთილები და კარგები არიან. - რამხელა ბიჭი გამხდარხარ და თანაც რა მშვენიერი! - გადაეხვია ჟორა. - კი ველოდი, რომ შენგან კარგი კაცი გაიზრდებოდა, მაგრამ მთლად ასეთს, მაინც არ მოველოდი. ამასობაში მარგოს სხეული ასწიეს და სასაფლაოსკენ წაიღეს. ხალხიც ნელ-ნელა მიჰყვა უკან. - ეხ, რა დიდებული ქალი იყო. - თავი გააქნია სინანულით ჟორამ. - გიორგი, გახსოვს, შვილო, ტანსაცმელი რომ მოგეცი? - მაგას რა დამავიწყებს, ჟორა ბიძია! - მე შენ არ გიცნობდი. ამ ცხონებულმა მთხოვა, რომ მემუშავებინე და იმ ტანსაცმლის ფულიც მან გადამიხადა. თან მთხოვა, რომ შენთვის არასოდეს მეთქვა. დიდებული ქალი იყო, საწყალი, დიდებული. ამხელა სულით ბევრი არ დადის ქვეყანაზე. გიორგი ისეთმა სევდამ შეიპყრო, კინაღამ მუხლებში ძალა წაერთვა. ის თვალმოუცილებლად გაჰყურებდა მარგოს ცხედარს და ფიქრობდა: „მე გადაგიხდი დეიდა მარგო, აუცილებლად გადაგიხდი ამ სიკეთეს! გადაგიხდი ერთი-ასად, ერთი- ათასად და მილიონად! სანამ ამას გავაკეთებდე, მანამ მექნება იმის განცდა, რომ მე ვალი მაქვს და ამას ჰქვია სიცოცხლის ვალი!“ ზღვა ხალხი მიაცილებდა მარგოს სასაფლაოსკენ. წინა მხარეს ებრაელი ნათესავები დამდგარიყვნენ. უკან მიჰყვებოდა უამრავი ქართველი, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ მარგოს სიკვდილი, მათ მიმართ მადლიერებას ნიშნავდა. ჩვეულებრივ გათენდება ხვალინდელი დღე. მარგოს ფანჯრებს უკვე სხვა გააღებს, რადგან გუშინ იქ მცხოვრები ძვირფასი ქალბატონი აღარ იქნება ცოცხალთა გვერდით. ის წავიდა და ჩვენთან აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ მისგან დაგვრჩა მისივე გონებაში სიზმრად გაცხადებული ისრაელისა და საქართველოს მიწების დამაკავშირებელი ცოცხალი ხიდი, როგორც მსოფლიო ერთა შორის მეგობრობის ეტალონი. თამაზ ალავიძე
Enter the password to open this PDF file:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-